ქალაქ ვანის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა, აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ვანში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
“პროექტის მიხედვით, ქალაქ ვანში მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი – 42კმ, აშენდება ორი ჭაბურღილი, სატუმბი სადგური, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს. და მოეწყობა SCADA-ს სისტემა. დღეის მდგომარეობით, დასრულებულია წყალმომარაგების 16კმ ქსელის მშენებლობა.
დაგეგმილია წყალარინების 47კმ ქსელის მშენებლობა – რეაბილიტაცია, ერთი დიდი, 15 პატარა სატუმბი სადგურის მშენებლობა. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაახლოებით 5კმ სიგრძის სანიაღვრე ქსელის მოწყობა.
ქალაქ ვანის მოსახლეობა – 4 000-მდე ბენეფიციარი 2025 წლის ბოლოდან 24 – საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 2026 წლიდან კი ქალაქში წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება.
მასშტაბური პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს, ღირებულება 65 მილიონ ლარზე მეტია.
წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ვანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. ამ დროისთვის, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი, სატენდერო წინადადებების მიღება 2025 წლის 3 ივნისს დასრულდება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.