პოლონეთში 5 თვის ბავშვი ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა – პოლიცია ქართველ მამას ეძებს

ხუთი თვის ბიჭი, რომელიც გასულ კვირას პოზნანში, მძიმე დაზიანებებით, მათ შორის თავის ქალის მოტეხილობით, საავადმყოფოში მოათავსეს, გარდაიცვალა.

პოლონეთის მედიის ინფორმაციით, იძებნება ბავშვის მამა, რომელიც ქართველია.

“ექიმებმა მაშინვე შენიშნეს, რომ დაზიანებები შესაძლოა ბავშვზე ხანგრძლივი ძალადობის მანიშნებელი ყოფილიყო. ინტენსიური სამედიცინო ძალისხმევის მიუხედავად, ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- განაცხადა პოლონეთის პოლიციის პრესსპიკერმა ანდჟეი ბოროვიაკმა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ბავშვის დედა (ასევე ქართველი) მომხდარის დროს მოლდოვაში, სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად იმყოფებოდა. ბავშვი კი მან ნაქირავებ ბინაში, მამასთან და მის ორ ნაცნობთან დატოვა.

საქმესთან დაკავშირებით, ოფიცრებმა სამი პირი დააკავეს: ბავშვის 40 წლის დედა და მოლდოვას ორი მოქალაქე, 21 და 25 წლის.

პროკურატურამ მათ ბრალი წაუყენა ბავშვის მძიმე ფიზიკური დაზიანების რისკის ქვეშ დაყენებისთვის, რადგან ისინი ერთობლივად და შეთანხმებულად მოქმედებდნენ, მიუხედავად მათი მზრუნველობის მოვალეობისა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და მოლდოვის ორი მოქალაქე წინასწარ პატიმრობაში მოათავსა.

სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები