„ფიროსმანი გახდა ჩემი იდეის ავტორიც და სტუმრების მასპინძელიც, ხელოვანები შეგვკრიბა და ფინჯან ჩაითაც გაგვიმასპინძლდა“…
ორთაჭალაში, „ივენთ არეას“ მასპინძლობით, ორი დღის განმავლობაში 15 ხელოვანის ნამუშევრები გამოიფინა. იდეის ავტორი და გამოფენის ორგანიზატორი იყო მხატვარი ნაილი თიგიშვილი. პროექტი – „გამოდი ჩარჩოდან, იყავი სხვა ფერი“ კომპლექსურ ღონისძიებას მოიცავდა.
„ეს იყო საუკეთესო სანახაობა. სადაც თავადაც შეგიძლია გახდე შემოქმედი და შექმნა შენი ნამუშევარი. პროექტი „გამოდი ჩარჩოდან იყავი სხვა ფერი” – იყო ნამდვილად პერფორმანსი, სადაც ხელოვნება და ცოცხალი ისტორია ერთად იყო გადმოცემული.“, – გვითხრა ნაილი თიგიშვილმა.
გამოფენის შემდეგ მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
– როგორ დაიბადა იდეა?
– ფიროსმანი გახდა ჩემი იდეის ავტორიც და სტუმრების მასპინძელიც.. ხელოვანები შეგვკრიბა და ფინჯან ჩაითაც გაგვიმასპინძლდა
ვფიქრობდი ასევე, ტრადიციული გამოფენების ფორმატზე – როდესაც ადამიანები უბრალოდ უყურებენ ნამუშევრებს და მიდიან. მინდოდა რაღაც ისეთი, რაც ყველას ჩართავდა, გააცოცხლებდა ისტორიას.
– ამბობთ, რომ ვაჟა-ფშაველა იყო ჩარჩოების გამრღვევი…
– ვაჟას პერსონაჟი იდეალური იყო ამ კონცეფციისთვის. იგი თავისი დროისთვის რევოლუციონერი იყო – ეწინააღმდეგებოდა ტრადიციულ ფორმებს, ქმნიდა ახალს.
ჩვენი მსახიობი გრიმში, რომლებიც გავაცოცხლე და გადმოვიყვანე ჩვენს რეალობაში, ასახიერებდა ამ სულისკვეთებას და ეუბნებოდა ვიზიტორებს: „არ გეშინოდეთ ექსპერიმენტისა, გამოდით ჩვეულებრივი ჩარჩოებიდან“!
– ნიკალას როლი?…
– ნიკალას პერსონაჟი უფრო ინტერაქტიური იყო – იგი ხალხს ეხმარებოდა ნახატების შექმნაში, ასწავლიდა ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. ეს იყო ქართული სულიერების გადმოცემა ცოცხალი ურთიერთობის მეშვეობით.– რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ფორმატს?
– ეს არ იყო უბრალოდ გამოფენა – ეს იყო კულტურული ღონისძიება, სადაც ყველამ შეიძლება იპოვა საკუთარი შემოქმედებითი ხმა. ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება ერთად არსებობდა, ხალხი მხოლოდ მაყურებელი როდი იყო, არამედ – თანამონაწილე. ყველამ იგრძნო – შემოქმედება ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, მთავარია გამოხვიდე საკუთარი შიშებისა და შეზღუდვების ჩარჩოდან.
ჩემი იდეების განხორციელება სწორედ გაიგო დიზაინერმა დარეჯან ბურჯალიანმა, ჩვენ ერთად განვახორციელეთ “event areas” სივრცეში. სადაც გავაერთიანე 15-მდე, ხელოვანი, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც ნახატები, ასევე ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.
სტუმრების წინაშე წარდგა ხალხური ანსამბლი „ფშავრობი“, ლევან ხელაშვილის ხელმძღვანელობით.
ჩვენ კიდევ უამრავი პროექტის იდეა გვაქვს, რომელსაც უფრო მასშტაბურად სულ მალე განვახორციელებთ.
თამარ შაიშმელაშვილი