ნანა კაკაბაძე: ყველას უნდა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, მაგრამ ამ დასასრულს ყველა თავის სასარგებლოდ ხედავს – ჩვენი ქვეყანა უნდა ეცადოს, რომ ამ კონფლიქტის განვითარების მიმართულების კვალდაკვალ საკუთარი ინტერესები დაიცვას

ვინ რა სარგებელს ელის რუსეთ-უკრაინის ომიდან? რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი მთელი უკრაინის ხელში ჩაგდებაა, თუმცა, რადგან ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, თავის წარმატებად ის მიიჩნევს ყირიმისა და 4 რეგიონის (დონეცკ-ლუგანსკ-ხერსონ-ზაპოროჟიეს) რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას, რაც მთელი უკრაინის ტერიტორიის 22%-ზე მეტია. ამიტომაც ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად დღეს პუტინი აყენებს ამ ტერიტორიებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

„უკრაინის პროგრამა მაქსიმუმი ზემოხსენებული ყველა ტერიტორიის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებაა, მაგრამ რადგან ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, თავის წარმატებად ის მიიჩნევს ზემოხსენებული 4 რეგიონიდან თუნდაც იმ ტერიტორიების შენარჩუნებას, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუპყრია რუსეთს. აქ ძირითადად იგულისხმება ხერსონ-ზაპოროჟიეს ტერიტორიები, თორემ დონეცკ-ლუგანსკი თითქმის მთლიანად უკვე რუსეთის ხელშია. ამიტომაც ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად ზელენსკი აყენებს დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნებას, რაც ზელენსკის აზრით, მის ხელისუფლებას რაღაც დოზით მაინც სახეს შეუნარჩუნებს.

ტრამპის გაპრეზიდენტებამდე აშშ-ს და ევროპის ერთობლივი მიზანი იყო რუსეთის დამარცხება ან იმდენად დასუსტება, რომ მისგან მომდინარე საფრთხე მათთვის სამუდამოდ განეიტრალებულიყო.

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა, აშშ მოულოდნელად დასცილდა ევროპის პოზიციებს და დაინტერესებული მხარიდან ნეიტრალურ მომრიგებელ მხარედ გამოაცხადა თავი. აქ ტრამპი ჰუმანიტარულ მოსაზრებებზე აპელირებს (კვირაში 5000 კაცი იღუპება ორივე მხრიდან და ეს სასაკლაო უნდა შევაჩეროო), მაგრამ გულუბრყვილობა იქნება იმის ფიქრი, რომ მას კაცთმოყვარული სენტიმენტები ამოძრავებს, რადგან არანაკლები სისასტიკის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ასეთ გულჩვილ განცხადებებს რატომღაც არ აკეთებს.

ბაიდენის დროს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს რუსეთ-ამერიკის ომსაც კი უწოდებდნენ, რადგან აშშ-ს თანხების, სამხედრო შეიარაღების და აქტიური საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ამ ომში რამდენიმე თვეში სრულად განადგურდებოდა. ტრამპის მოსვლის შემდეგ კი მან კარგად დაინახა, რომ ამ ომში უკრაინის გამარჯვება ილუზიაა, უკრაინის ომი უძირო ქვევრია, ზელენსკი მსოფლიოს #1 წარმატებული ვაჭარი. რუსეთი ომში მეთოდურად აგრძელებს უკრაინის ტერიტორიების დაპყრობას, მას კი სულაც არ უნდა გააიგივოს ამერიკა ომის წაგებასთან. ამიტომ 2025 წლამდე არსებული უკრაინის ყველა მარცხი გააიგივა არა ამერიკასთან, არამედ ბაიდენთან.

სარფიანი გარიგება დადო უკრაინასთან იშვიათ წიაღისეულზე. ფაქტობრივად უკრაინის მოსალოდნელი გაყოფის დროს თავისი წილის მოთხოვნის საფუძვლებიც შექმნა.

ევროპამ აშშ-ს ასეთი პოზიციის გამო ფაქტობრივად არ იცის, როგორ დაიცვას თავი უკრაინის დამარცხების გაფორმების შედეგებისაგან. ევროპის ლიდერებმა (ინგლის-საფრანგეთ-გერმანია) სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და ისევ ჯიუტად აგრძელებენ რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 20-ჯერ გამოცხადებული რუსეთის დასანქცირების მიუხედავად რუსეთს არ შეჰქმნია არანაირი სერიოზული პრობლემები, რადგან ეკონომიკა გადააწყო საომარ რელსებზე და გარკვეული ეკონომიკური აღმავლობაც კი აქვს, განსაკუთრებით სამხედრო ინდუსტრიის კუთხით, რუსეთზე სანქციების დამდები ქვეყნები კი მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. ევროპა მქუხარედ და ოპტიმისტურად აცხადებს, რომ უკრაინას გაუზრდის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას, მაგრამ ყველამ კარგად სწორედ ევროპელებმა იციან, რომ თუ ტრამპმა შეასრულა მუქარა და ომის შეწყვეტის გეგმის ჩაშლის შემთხვევაში გაეცალა რუსეთ-უკრაინის ომის პრობლემას, ევროპელები ვერ ჩაანაცვლებენ მის შესაძლებლობებს. ამიტომ ტრამპი ფაქტობრივად ეუბნება ზელენსკის, რომ თუ დღეს არ დათანხმდება 4 რეგიონის დე ფაქტო რუსეთის შემადგენლობაში აღიარებას, ხვალ შეიძლება ასეთი აღიარება უკვე 6 რეგიონზე მოუწიოს (სავარაუდოდ იგულისხმება დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის რეგიონები, რომლის საზღვრებსაც რუსები უახლოვდებიან).

მოკლედ, ყველას უნდა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, მაგრამ ამ დასასრულს ყველა თავის სასარგებლოდ ხედავს და ცდილობს. მხარეთა ურთიერთგამომრიცხველი მიზნების გამო კი მოკლე ხანში დასასრული არ ჩანს. როგორც ჩანს, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ მხარეები არ დარწმუნდებიან, რომ მათთვის ბრძოლის შეჩერება უფრო მომგებიანია, ვიდრე გაგრძელება.

მართალია, საქართველო ამ დიდი სახელმწიფოების ინტერესების ბრძოლაში ვერ ჩაერევა და მისი პოლიტიკა გლობალურად ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა ეცადოს, რომ ამ კონფლიქტის განვითარების მიმართულების კვალდაკვალ დაიცვას საკუთარი ინტერესები. ამის გაკეთება კი ალბათ მით უფრო იქნება შესაძლებელი, რაც უფრო მალე დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი“, – წერს კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები