ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის, „ოქროს საწმისი – ქართული ხელოვნება” პრეზენტაცია გაიმართა

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის, „ოქროს საწმისი – ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORGIA), პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინგლისურენოვანი კატალოგი „ოქროს საწმისი – ქართული ხელოვნება“ ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე და დაინტერესებული პირებისთვის შესაძლებელს გახდის ქართული ხელოვნების განვითარების ეტაპების შესახებ ინფორმაციის სწრაფად და მარტივად მოძიებას.

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების შესახებ.

კატალოგში შესულია ქართველი და პოლონელი მეცნიერების 23 სტატია. კრაკოვში გამართული გამოფენის მსგავსად, კატალოგიც დაყოფილია თემატურ სექციებად, რაც უცხოელ მკითხველს სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის ქართული კულტურის ისეთ სიმდიდრეზე, როგორიც არის: ღვინო − ქართული იდენტობის სიმბოლო, მდიდარი არქეოლოგიური მასალა, ოქროს ნაკეთობები; დაინტერესებულ საზოგადოებას აცნობს კოლხეთისა და იბერიის კულტურას, ოქროს საწმისის ისტორიას, ქრისტიანულ საქართველოს, იარაღის ისტორიას, ოქროს ხანას, ქართულ იკონოგრაფიას, ქართულ ანბანსა და უძველეს ხელნაწერებს, ქართულ ფოლკლორს, პოლიფონიას, სამოსს, ფიროსმანის შემოქმედებასა და ქართულ მოდერნიზმს.
კატალოგი ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული მუზეუმისა და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის წიგნის მაღაზიებში.

პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას კულტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა შემოქმედებით ჯგუფს განხორციელებული პროექტისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის.

„მადლობა საერთაშორისო პროექტისთვის, რომელიც პოლონეთში განხორციელდა და ამ ალბომის შექმნის ინსპირაცია გახდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა და დაიცვა ქართული კულტურა“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მინისტრმა დაათვალიერა მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენები – “ქართული ხელოვნება 1900-1930“, “პაოლო ვენეციანოდან ვასილ კანდინსკიმდე“, “შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურა“; ასევე, ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები