სანდრო თვალჭრელიძე: დარწმუნებული ვარ, რუსეთს დიდი კატასტროფა ელის

,,დარწმუნებული ვარ, რუსეთს დიდი კატასტროფა ელის”,- ამის შესახებ ექსპერტმა, სანდრო თვალჭრელიძემ გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტი ფიქრობს, რომ აშშ-ს სტრატეგიული ინტერესები აქვს.

“ჩემი აზრით, სანქციების მძიმე პერსპექტივას ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანაც ვერ აიცილებს თავიდან და ეს დოკუმენტი, სამწუხაროდ, კანონად იქცევა. აქტის მიღება კი დაჩქარდა იმიტომ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, ბოლოს და ბოლოს, მოიცალა საქართველოსთვის. თუ გახსოვთ, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ტრამპი ჩვენთვის გაზაფხულის ბოლოსკენ მოიცლის-მეთქი და, ფაქტობრივად, ასეც მოხდა. აქამდე მას უამრავი რამ ჰქონდა მოსაგვარებელი. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ აშშ-ს, მიუხედავად ადმინისტრაციის ცვლილებისა, აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები, რომელთაც მიზანმიმართულად ატარებს, იმის მიუხედავად, ვინ არის თეთრ სახლში. ცნობილი გამონათქვამია, რომ აშშ-ს არა ჰყავს მეგობრები და მტრები, მას აქვს სტრატეგიული ინტერესები. საქართველო სწორედ ამ ინტერესებში შედის ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. აშშ ვერ შეეგუება თავისი გავლენის დაკარგვას. ეს უნდა ესმოდეს ჩვენს მთავრობას…

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ 35 წელიწადია არჩევნებში სულ ვიღაცის წინააღმდეგ ვაძლევთ ხმას და არა ვიღაცის სასარგებლოდ. ჯერ კომუნისტების წინააღმდეგ მივეცით ხმა ზვიად გამსახურდიას, შემდეგ მის წინააღმდეგ ედუარდ შევარდნაძეს დავუჭირეთ მხარი, მერე შევარდნაძის წინააღმდეგ სააკაშვილს მივეცით ხმა, მიშას წინააღმდეგ კი ბიძინა მოვიყვანეთ ხელისუფლებაში. როდესაც ამ პრინციპით მარცხდებოდა არჩევნებში იმჟამინდელი მმართველი ძალა, ყოველთვის ოპოზიცია იყო ძლიერი და გაერთიანებული. ივანიშვილმაც ასე მოახერხა გამარჯვება. დღეს ამას ოპოზიცია ვერ ახერხებს, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ კარგად ვიცით ერთმანეთის გინება, მაგრამ არ ვიცით თანამშრომლობა. ახალი თაობის წარმომადგენლები ძალიან ახალგაზრდები არიან, მათგან ჯერ ვერ გამოიჩეკნენ პოლიტიკური ლიდერები. ამჟამინდელი ოპოზიციის უმრავლესობის ყურებაც კი აღარ შეგვიძლია… სალომე ზურაბიშვილმაც ჯერჯერობით ლიდერობა ვერ შეძლო. მისი იდეა კოალიციური, ტექნოკრატიული მთავრობის თაობაზე, სწორია. მეც დიდი ხანია ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ჯერჯერობით ძალიან დიდ წინააღმდეგობას აწყდება.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ტრამპი აშკარად არათანამიმდევრულად იქცევა. რატომღაც ეგონა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ადვილი მისაღწევი იქნებოდა. უცნაურია, რომ ტრამპმა არ იცის, რა ცბიერ და არასანდო ძალასთან აქვს საქმე. ტრამპის რიტორიკის შეცვლა, მინერალების ხელშეკრულების გარდა, გამოიწვია იმანაც, რომ რაც მეტად ჩაუღრმავდა მისი ადმინისტრაცია საკითხს, უფრო აშკარად დაინახა, რომ რუსეთი ამ პროცესს დროის გასაყვანად იყენებს. ძალიან დიდი შეცდომაა ყველაფრის გამარტივება, პრობლემა უნდა დაინახო ძირეულად და სიღრმისეულად, თუ გინდა მისი გადაწყვეტა. სულ ტყუილად ეგონათ, რომ პუტინი უკან დაიხევდა. ჩემი აზრით, ტრამპი და აშშ უფრო ხისტად და ძალისმიერად უნდა მოიქცნენ, თუ შედეგი სურთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ პოზიციას დაიკავებს ევროპა და როგორ აიძულებს ტრამპს ცოტა უფრო რაციონალური ნაბიჯები გადადგას. რუსეთი ეცდება პროცესის გაწელვას. ვფიქრობ, რაღაც შეთანხმებას ხელსაც მოაწერს, თუმცა მერე ამის დარღვევაში დაადანაშაულებს უკრაინას და ამ შეთანხმებას დაივიწყებს. ტრამპი საბოლოოდ იძულებული გახდება ძალიან ხისტი სანქციები დაუწესოს და ინტენსიურად მოამარაგოს უკრაინა იარაღით.

უმნიშვნელოვანესი გამოდგა ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის პოზიცია, კირ სტარმერი ძალიან ხისტია რუსეთის მიმართ. არ დაგავიწყდეთ, რომ გასულ კვირას მიიღეს სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც უწესებს სანქციებს იმ ქვეყნების ტანკერებს, რომელთაც რუსული ნავთობი გადააქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ნავთობსადენები არ მუშაობს, მხოლოდ ტანკერები მუშაობდა და კონტრაქტები, რომლებიც რუსეთმა ბოლო ხანს დადო, ფარატინა ქაღალდი ხდება. რუსეთის შემოსავალი ნავთობის გაყიდვიდან ომის დაწყების შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული, ახლა უფრო შემცირდება. დარწმუნებული ვარ, რუსეთს დიდი კატასტროფა ელის”, – აცხადებს თვალჭრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები