ნანა კაკაბაძე: აშშ-ს კონგრესის დღევანდელი შემადგენლობის უმრავლესობამ ღიად გვითხრა, რომ მათი მეგობარი ისევ და ისევ სისხლიანი 9 წლის შემოქმედი პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტებია

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ქმედებით ღიად გვითხრეს, რომ მათი მეგობარი ისევ და ისევ სისხლიანი 9 წლის შემოქმედი პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტებია.

მისივე თქმით, შესაძლოა ზედმეტად დიდი ფსონი დავდეთ ტრამპის პიროვნებაზე, რომელსაც, მიუხედავად მისი 100-დღიანი პრეზიდენტობისა, ამ ეტაპზე დიფ სთეითი ისევე წარმატებით აკონტროლებს და მართავს, როგორც ბაიდენს და დანარჩენებს.

„მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ! „მეგობარი აქტის“ მიღებით აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გვითხრა, რომ მათი მეგობრები დღესაც ის პოლიტიკური ძალები და მათი სიტუაციური მოკავშირეები არიან, რომლებსაც 15-20 წლის წინ „დემოკრატიის შუქურად“ გასაღებდით. ჩვენ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე მხოლოდ სიტყვებით ვაპელირებთ, თორემ საქართველოში სწორედ იმ ძალებს ვლობირებთ, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ ღირებულებებს სისტემურად არღვევდნენ, მაგრამ ჩვენი ყურმოჭრილი მონები იყვნენო.

ახლა არ არის იმის გარჩევის დრო, კონგრესში ამ აქტის მიღება დიფ სთეითის გავლენის და ძალისხმევის შედეგად მოხდა, პრეზიდენტის პოზიციის საწინააღმდეგოდ თუ პირიქით, ეს ტრამპის განწყობებს გამოხატავს, ფაქტად უნდა მივიღოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დღევანდელი შემადგენლობის უმრავლესობა არამეგობრად (რბილად რომ ვთქვათ) მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებას და ცდილობს ის ჩაანაცვლოს მის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული „მეგობარი“ ოპოზიციური ძალებით.

ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ალბათ იმაზე უნდა იმსჯელოს, რატომ მოხდა, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი თითქმის ერთხმად არამეგობრულადაა განწყობილი მის მიმართ. გასაგებია, რომ მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოს გააღიზიანებდა პატარა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნაზე უარი, ასევე უარის მიღება სხვა მოთხოვნების შესრულებაზე, მაგრამ ვფიქრობთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო ნაყოფიერად და შედეგიანად უნდა ემუშავა, რათა დაერწმუნებინა მომთხოვნი მხარე მეორე ფრონტის გახსნაზე უარის საფუძვლიანობაში, რათა ეს უარი მტრულ მოქმედებად არ ყოფილიყო აღქმული.

პოლიტიკა ხელოვნებაა (ლავირების ხელოვნება) და შენ უნდა შეძლო სწორი და მომგებიანი სვლების გაკეთება სწორ დროს და სწორი მიმართულებით. გამოდის, რომ გასულ წლებში საქართველოს სვლები საგარეო მიმართულებით პრაქტიკულად არაფრის კეთება იყო და შედეგიც დადგა.

იქნებ 12 წელი დავაგვიანეთ ნაცების რეალური სახის წარმოსაჩენად და მათი პარტიის ასაკრძალად?
იქნებ 3+3-ის ხელაღებით უარყოფა იყო შეცდომა და ჯერ უნდა დაგვეთვალა მისი პლუსები და მინუსები?

იქნებ ზედმეტად დიდი ფსონი დავდეთ ტრამპის პიროვნებაზე, რომელსაც, მიუხედავად მისი 100-დღიანი პრეზიდენტობისა, ამ ეტაპზე დიფ სთეითი ისევე წარმატებით აკონტროლებს და მართავს, როგორც ბაიდენს და დანარჩენებს.

ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპის მიერ დღეში რამდენჯერმე ნათქვამი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ის ეძებს და აფიქსირებს უფრო მომგებიან პოზიციებს, თან ცდილობს, ისეთი პოზიციების დაფიქსირებას, რომელიც სხვა მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელი არ იქნება.

ზოგ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ტრამპს თავის ქვეყანაში ისე აქვს არეული სიტუაცია, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს რომ ჰქონდათ ბოლო ლიდერებს.
ეს რაც შეეხება წარსულის გაკვეთილებს.

ახლა მთავარი ის არის, რას ვისწავლით საკუთარ შეცდომებზე და რამდენად მოხდება ქვეყნის განვითარების სინქრონიზაცია ახალ მსოფლიო წესრიგთან, რადგან ყველაფერში არც ამერიკის, არც რუსეთის და არც ევროპის დადანაშაულება არ არის სწორი. ყველაფრის მიზეზები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ვეძიოთ ის თუ რა დავაკელით, ვერ გავთვალეთ ან ვერ გავაკეთეთ.

რაც შეეხება „მეგობარი აქტის“ მიღებას, მას იმდენად ეკონომიკური მნიშვნელობა არა აქვს, რამდენადაც ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული. მეორე მხრივ, ეს აქტი გამოსაფხიზლებელიც არის, რადგან ბოლოს და ბოლოს უნდა დავინახოთ, რომ ისევ და ისევ ვიღაცების იმედზე არ უნდა ვიყოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რა უნდა იმ კონკრეტულ „ვიღაცას“ ჩვენი სახელმწიფოსგან და უნდა შევეცადოთ, ისე მოვახდინოთ მათი და ჩვენი ინტერესების შეხამება, რომ ორივე მხარე მეტ-ნაკლებად მოგებული და კმაყოფილი იყოს.

ეს არის ნეიტრალური სახელმწიფოს ხიბლიც და სირთულეც. მართალია, ყოველთვის ამის გაკეთება შეუძლებელია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პოლიტიკა მოლაპარაკებების მაგიდასთან კეთდება და არა მიტინგებზე ან საომარ ასპარეზზე. ჩვენი ქვეყანა თავისი მოცულობის, გეოგრაფიული მდებარეობისა და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გამო ისტორიულად განწირულია იმისთვის, რომ ბალანსები სწორედ მოლაპარაკების მაგიდასთან ეძებოს. ამისათვის კი მაღალი დონის დიპლომატები და პოლიტიკოსებია საჭირო, არა ისეთები, რომელთა ნაწილი ცალი თვალით ოპოზიციისკენ იყურება მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

დღევანდელ მრავალპოლარულ მსოფლიოში პრიმიტივიზმია იმის დაჯერება, რომ მხოლოდ დასავლეთი განსაზღვრავს მსოფლიო წესრიგს. უკრაინის მაგალითმა დაგვანახვა, რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნამ. ყველა დანარჩენი ძლიერი მოთამაშის (ჩინეთი, თურქეთი, ინდოეთი, არაბული სამყარო, რუსეთი და ა. შ.) პოზიციები და ინტერესები ასევე მნიშვნელოვანია მსოფლიო პოლიტიკაში საკუთარი ადგილის საპოვნელად. შეიძლება ზოგ შემთხვევაში დასავლეთისკენ გახედვა იყოს უფრო სასარგებლო, ზოგ შემთხვევაში – აღმოსავლეთით და ა. შ. ამიტომ რომელიმე მხარისკენ ჩაციკვლა ავიწროებს როგორც მანევრირების, ისე ბალანსის ძიების შესაძლებლობას.

რაც შეეხება მეგობარ აქტს, ერთი ცნობილი ანდაზისა არ იყოს („მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ!“), აშშ-ს კონგრესის დღევანდელი შემადგენლობის უმრავლესობამ ღიად გვითხრა, რომ მათი მეგობარი ისევ და ისევ სისხლიანი 9 წლის შემოქმედი პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტებია“, – წერს კაკაბაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები