ერთი ჩვეულებრივი დღე ძველ რომში
ძველი რომის ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლი იყო — შრომა, აბანოში სიარული, ხალხმრავალი ბაზრები და პოლიტიკური დებატები ფორუმზე. თუმცა, როგორ გადიოდა რიგითი მოქალაქის ერთი დღე და რას აკეთებდა ჩვეულებრივი რომაელი, მაგალითად, 1-ელ საუკუნის დროინდელ იმპერიაში?
რომაელები მზის ამოსვლისას იღვიძებდნენ. დღის პირველი საათები ყველაზე აქტიურად ითვლებოდა — საქმეები ადრე უნდა დაგეწყო, რათა შემდგომ სიცხისგან თავი დაგეღწია. მაღალ ფენას მონები ემსახურებოდნენ: გაღვიძება, დაბანა, თმის დავარცხნა, გაპარსვა და სხვა მსგავსი აქტივობები მათ დამოუკიდებლად არ უწევდათ.
პატრიციები (არისტოკრატია) მსუბუქად საუზმობდნენ — პური, თაფლი, ყველი ან ზეთისხილი. პლებეები, (დაბალი ფენა) ხშირ შემთხვევაში, საუზმეს საერთოდ ტოვებდნენ ან პურითა და წყლით კმაყოფილდებოდნენ.
სამუშაო დროს, შუადღემდე, მდიდრები მიდიოდნენ ფორუმზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკაში, ესაუბრებოდნენ ადვოკატებსა და სხვა პროფესიის ადამიანებს.
ხელოსნები და ვაჭრები დილიდან ხსნიდნენ პატარა სამუშაო ჯიხურებსა თუ მაღაზიებს. მეურნეები ქალაქგარეთ მიდიოდნენ მიწის დასამუშავებლად.
შუადღე აბანოსა და დასვენების დრო იყო. რომში დღის ყველაზე პოპულარული დრო სწორედ აბანოებში გატარებული საათები გახლდათ. ეს იყო სოციალური სივრცე, სადაც მამაკაცები და ქალები ცალ-ცალკე იკრიბებოდნენ, ბანაობდნენ, საუბრობდნენ პოლიტიკაზე, საქმეებსა თუ სხვადასხვა ჭორზე.
აბანოს შემდეგ მსუბუქი ლანჩის დრო დგებოდა: პური, ხორცი ან ლობიო, ცოტა ღვინოც… ღარიბები თავს ხშირად მხოლოდ ხორბლის ფაფით იკმაყოფილებდნენ.
საღამოს მთავარი, მდიდრული ვახშამი იმართებოდა, რისი შესაძლებლობაც, ძირითადად, მხოლოდ ელიტას ჰქონდა. ისინი სასადილო ოთახში ტახტებზე წამოწვებოდნენ და ერთმანეთთან საუბრის პარალელურად მიირთმევდნენ. აქ საჭმელი მრავალფეროვანი იყო: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ხილი, ხანდახან ეგზოტიკური ცხოველებიც კი…
რომაული ქუჩები ღამით საშიში იყო. დაბალი ფენის ადამიანები ცდილობდნენ, ადრე დაეძინათ, სიმდიდრე კი, იმის საშუალებას იძლეოდა, დღე სხვადასხვა ტიპის სანათით გაგრძელებულიყო.
ჩვეულებრივი დღე ძველ რომში, ერთი მხრივ, ნამდვილად იყო მკაცრი და გადატვირთული — შრომა, სიცხე, ბრძოლა გადასარჩენად… მეორე მხრივ — ეს იყო სოციალურად გადაჯაჭვული საზოგადოება, სადაც აბანო, ბაზარი და ფორუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.