ირანში, ბანდარ-აბასში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა
ირანის სამხრეთით, ჰორმოზგანის პროვინციაში, ბანდარ-აბასის ქალაქ შაჰიდ რაჯაის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ პროვინციის გუბერნატორმა, მოჰამედ აშურიმ განაცხადა.
ძლიერი აფეთქება 26 აპრილს, ბანდარ-აბასის ქალაქ შაჰიდ რაჯაის პორტში მოხდა.
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინციდენტი დაუდევრობით იყო გამოწვეული. მანამდე, ირანის ხელისუფლებამ და მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 46 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 1200 დაშავდა.
„შაჰიდ რაჯაის პორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა“, – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ გუბერნატორის სიტყვებს.