პაკისტანი ინდოეთს აფრთხილებს, რომ ქაშმირის უთანხმოებამ შეიძლება “ყოვლისმომცველი ომი” გამოიწვიოს

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა, Sky News-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა დელის ნებისმიერ თავდასხმას უპასუხებს.

„თუ იქნება ყოვლისმომცველი შეტევა ან მსგავსი რამ, მაშინ ცხადია, იქნება ყოვლისმომცველი ომი“,- განაცხადა ასიფმა

მინისტრმა თქვა, რომ მსოფლიო შეშფოთებული უნდა იყოს სრულმასშტაბიანი კონფლიქტის პერსპექტივით, რომელშიც ჩართული იქნება ორი ერი, რადგან ორივეს აქვს ბირთვული იარაღი. ამასთან, ის იმედოვნებს, რომ დავა მოლაპარაკებების გზით მოგვარდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ორივე მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.

როგორც მედია იუწყება, გაერო-ს მოწოდების მიუხედავად, დღეს ღამით ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში, ორი ქვეყნის გამყოფ კონტროლის ხაზზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

სროლის შესახებ ინფორმაცია ინდოეთის არმიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ცეცხლი პაკისტანმა გახსნა.

შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები