რუსეთმა უკრაინაზე მასიური იერიშები განახორციელა – არის მსხვერპლი
დღეს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე არტილერიითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.
გამთენიისას რუსეთმა ქალაქი ნიკოლაევი რაკეტებით, ხოლო ხერსონი არტილერიით დაბომბა.
ასევე, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, ქალაქ ბელოზერკაზე დრონებით იერიში მიიტანეს. უპილოტო საფრენი აპარატიდან ასაფეთქებლის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი.
“რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა 12 დასახლებაზე, შედეგად, ჯამში დაიღუპა 3 და დაიჭრა 3 ადამიანი”,- აცხადებს ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, ალექსანდრ პროკუდინი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, 21 აპრილს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 96 შაჰედის ტიპის დრონით მიიტანა იერიში.
დრონების იერიშის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქები.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა “სააღდგომო ზავი”, რომელიც უკრაინაში 19 აპრილის საღამოდან 21 აპრილის შუაღამემდე ყველა სამხედრო მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებდა.