რას გეგმავს დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა კოდორის ხეობაში – თბილისში ბუთბას განცხადებას ეხმაურებიან
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ბესლან ბუთბას განცხადებას, რომ აფხაზეთის ხელისუფლება კოდორის ხეობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და განვითარებას გეგმავს, თბილისში კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.
“კვირასთან“ საუბრისას აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია ბუტბას განცხადების მიღმა კონკრეტულ განზრახვებს ხედავს და აცხადებს, რომ დე ფაქტო მთავრობას კოდორის ხეობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების არც ფინანსები და არც სურვილი არ აქვს.
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბუთბას განცხადების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ დე ფაქტო აფხაზეთს კოდორის ხეობის გავლით ჩრდილო კავკასიის მიმართულებით გზის გაყვანის განზრახვა ამოძრავთ.
გამახარია არ გამორიცხავს იმასაც, რომ დე ფაქტო ლიდერებს მსგავსი განცხადებებით საერთაშორისო საზოგადოების და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების კეთილგანწყობის მოპოვება სურთ.
“არ გამოვრიცხავ, რომ დე ფაქტო აფხაზეთმა ჩრდილო კავკასიასთან კოდორის ხეობის გავლით გზის გაყვანა გადაწყვიტა. იქ არსებობს საცალფეხო ბილიკები, რომელთა გაფართოებაც შესაძლებელია. ამ გზით აფხაზები ყაბარდოელებს დაუკავშირდებიან. აღნიშნული გზის გაყვანის საკითხს აქტუალურობა დღეს არ შეუძენია. მისი გაყვანის თემას საბჭოთა კავშირის პერიოდშიც განიხილავდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. რეგიონი თავის დროზე ისევ მათი – აფხაზების ხელით გაიძარცვა – სწორედ მათ დაარბიეს სკოლები, ამბულატორიები და ახლა ამ ყველაფრის აღდგენას უზარმაზარი ფინანსური რესურსები სჭირდება, რაც, რა თქმა უნდა, დე ფაქტო აფხაზეთს არ გააჩნია.
კიდევ ერთი საკითხია – დე ფაქტო მთავრობა შესაძლებელია, ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, რომ არა მხოლოდ ეთნიკურად აფხაზებზე, არამედ ქართველებზე და მათ კეთილდღეობაზეც ზრუნავს. თუმცა ვეჭვობ, დე ფაქტო მთავრობის ჩანაფიქრი რეალობად იქცეს“, – განუცხადა “კვირას“ ჯემალ გამახარიამ.
“კვირას“ კიდევ ერთი რესპონდენტი აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე ბუთბას განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც გალის რაიონში მცხოვრები ქართველები აშკარა წნეხის ქვეშ იმყოფებიან, კოდორის ხეობის განვითარებაზე დე ფაქტო ლიდერების მხრიდან განცხადებების კეთება ცინიზმის გამოხატულებაა.
კიკნაძე თვლის, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებს.
“ბუთბას მხრიდან აღნიშნული განცხადება ნაწილობრივ გასაკვირი არაა, რადგან დე ფაქტო მთავრობა კოდორის ხეობას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
აქ გასაკვირი სხვა რამეა – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, – აი ამ ვითარებაზეა ნათქვამი. გალში მცხოვრებ ქართველებს პასპორტები ჩამოართვეს, არანაირი უფლებები აღარ გააჩნიათ და ამ დროს გამოდის ბუთბა და აცხადებს, რომ თურმე კოდორს უნდა მიხედონ. სოხუმი და სხვა დიდი ქალაქები ვერ მოუწესრიგებიათ და მაღალმთიან რაიონებს ააყვავებენ?! – ეს გამორიცხულია. პოპულისტური განცხადებებით კი ვერავითარ კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებენ“, – განუცხადა “კვირას“ ლევან კიკნაძემ.
მარიამ ზედგინიძე