აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: არც ერთ მხარეს არ აქვს შესაძლებლობა სწრაფად დაასრულოს ომი უკრაინაში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს არ გააჩნიათ სტრატეგიული შესაძლებლობები ომის სწრაფად დასასრულებლად და რომ შეერთებული შტატები არ ჩაერთვება უსასრულოდ მოლაპარაკებებში, თუ პროგრესი არ იქნება. ამის შესახებ რუბიო ჟურნალისტებთან საუბრისას პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში განაცხადა.
რუბიოს თქმით, ომი ჩიხში შევიდა და არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს ჯერ არ გააჩნიათ საკმარისი სტრატეგიული რესურსები სწრაფი გამარჯვებისთვის.
მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო ინიციატივების გაჭიანურება მხოლოდ ჰუმანიტარულ კრიზისს გააღრმავებს და ორივე მხრიდან მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. რუბიომ მაგალითად მოიყვანა ბოლო სარაკეტო დარტყმა სუმიზე ბზობის კვირას, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა.
„ჩვენ უნდა გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა ეს მოკლევადიან პერსპექტივაში. შემიძლია გითხრათ ეს: არ არსებობს ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა. არც ერთ მხარეს არ აქვს სტრატეგიული შესაძლებლობა, რომ სწრაფად დაასრულოს ეს ომი. ასე რომ, ჩვენ ვსაუბრობთ ათასობით ადამიანის დაღუპვის თავიდან აცილებაზე მომდევნო წლის განმავლობაში. ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ეს“, – განაცხადა რუბიომ.