ლედი აფრასიძე: გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან და მეზობლის ქალებისთვის გაბედა ეთქვა, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ გაგვიმასპინძლდეთო – ესეც კი იკადრა, მაშინ, როდესაც წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო დაცხრილული
“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ლედი აფრასიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004 წლის 24 მარტს მის ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა, კერძოდ კი, იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი ბარამიძის შესახებ ისაუბრა.
როგორც ლედი აფრასიძემ აღნიშნა, ბარამიძემ იმ დროს, როდესაც მის წინ სახლში ევგენი აფრასიძე იწვოდა, ხოლო გვერდით, დაცხრილული ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო, აფრასიძეების სახლთან შეკრებილ მეზობლებს სთხოვა, სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანებს კუბდარით გამასპინძლებოდნენ, რასაც არაერთი მოწმე ადასტურებს.
“სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, როდესაც ცეცხლი ეკიდა სახლს და ბაბუაჩემის ცხედარი იწვოდა, ამ დროს ბარამიძე, რომელიც დღეს ბედავს და ამბობს, რომ ვითომ არ ესწრებოდა ამ სპეცოპერაციას, სინამდვილეში იქ ბრძანდებოდა და ამას კადრებიც ადასტურებს, ასევე ადასტურებს მეზობლების ჩვენებებიც, რომლებიც ჩვენს სახლთან სპეცოპერაციის შემდეგ იყვნენ.
რაც შეეხება კუბდარის საკითხს, გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან და მეზობლის ქალებისთვის, ვინც შეკრებილები იყვნენ, გაბედა ეთქვა, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ აქ მყოფ ადამიანებს გაგვიმასპინძლდეთო – ესეც კი იკადრა, მაშინ, როდესაც წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო ქუჩაში დაცხრილული. ის უკადრისობს და უარყოფს ამ ფაქტებს, თუმცა, ამ ფაქტის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს.” – განაცხადა ლედი აფრასიძემ.