დოდო აფრასიძე: ხელ-ფეხ შებორკილი ომეხი, გაათრიეს ტალახში და ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით გადაჭრილი იყო შუაზე – ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ ცხედარს, თითი წააჭრეს და ყელსაბამს რომ ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს – ამას ყველაფერს უყურებდნენ ბავშვები

“ევგენი [აფრასიძე] ხელებაწეული დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. შეიყვანეს მერე გოჩამ და ომეხიმ, თავისმა შვილებმა. შემდეგ შემოვარდნენ, ორივე დაიჭირეს, ომეხი შებორკეს, ისე გამოიყვანეს, გოჩა გამოიყვანეს და გზაში დააგდეს, დასერეს, “- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა დოდო აფრასიძემ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004 წელს სვანეთში, აფრასიძეების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავენ.

დოდო აფრასიძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი შვილი, გოჩა აფრასიძე დანით დასერეს და უკვე გარდაცვლილი ეგონათ, რაც შეეხება მეორე შვილს, ომეხ აფრასიძეს, ის ხელ-ფეხ შეკრული დახვრიტეს ისე, რომ ცხედარი ნატყვიარით შუაზე იყო გადაჭრილი.

“გოჩას ტყვია არ მოხვედრია, დანით დასერეს და მკვდარი ეგონათ უკვე, გადაფარებული ჰქონდა ზემოდან “ადიალა”.
ომეხი, ხელ-ფეხ შებორკილი, გაათრიეს პირდაპირ ტალახში და იქ დახვრიტეს, ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე.” – აღნიშნა მან.

დოდო აფრასიძემ ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ომეხ აფრასიძე დაკავებამდე და გარეთ გაყვანამდე დაჭრილი არ ყოფილა. ასევე გაიხსენა, რომ როდესაც ცხედარს ბეჭედი ვერ მოხსნეს, თითი მოაჭრეს.

“ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ ცხედარს თითი წააჭრეს და ყელსაბამს რომ ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს. ამას ყველაფერს უყურებდნენ ბავშვები,” – განაცხადა დოდო აფრასიძემ.

2004 წლის 24 მარტს, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა.
სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები