რა მისიით შემოდის ამერიკული სამხედრო ხომალდი საქართველოში

შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ს „მაუნთ უითნის“ მე-6 ფლოტის ფრეგატი შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს და ნატოს წარმომადგენლები სოციალურ ქსელ ტვიტერის საშუალებით ავრცელებენ. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მანამდე ამერიკულმა სამხედრო გემმა ბოსფორი გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე შავი ზღვის აკვატორიაში ესპანური ხომალდი სარაკეტო იარაღ „როსს“-ით და ფრანგული ფრეგატი „კომანდან ბირო“ მიემართებოდა.
იმის გასარკვევად თუ რა მისიით შევიდა შავი ზღვის აკვატორიაში „მაუნთ უითნის“ მე-6 ფლოტის ფრეგატი, “კვირა “ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინა იმერლიშვილს დაუკავშირდა. ირინა იმერლიშვილის თქმით, შავი ზღვის აკვატორიაში „მაუნთ უითნის“ ვიზიტი გეგმური ხასიათისაა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზანდ.
მისივე ინფორმაციით, ხომალდის ვიზიტი უკრაინის მოვლენებს არ უკავშირდება.10728523_305385566334300_1914658255_n
„ამერიკის ხომალდი „მაუნთ უითნის“ შავი ზღვის აკვატორიას გეგმური ვიზიტით ესტუმრა. ჩვენს საზღვაო აკვატორიაში ხომალდის შემოსვლასთან დაკავშირებით ბათუმში 16 ოქტომბერს აშშ-ს საელჩო სპეციალურ მიღებას გამართავს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. აღნიშნულ მიღებაზე უფრო ვრცლად იქნება საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე“, – განუცხადა “კვირას“ ირინა იმერლიშვილმა.
ცნობილია, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი „მაუნთ უითნი“ სწორედ ის ხომალდია, რომელიც 2008 წელს ფოთის პორტში ჰუმანიტარული მისიით იყო შემოსული, რის გამო რუსეთის მხარემ შეშფოთება გამოთქვა, რადგან მათ არ სჯეროდათ, რომ ნატოს ხომალდი მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით იყო შემოსული.
თუმცა იმერლიშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ნამდვილად არის თუ არა „მაუნთ უითნი“ და 2008 წელს ფოთის პორტში შემოსული ხომალდი ერთი და იგივე.10719358_305385693000954_1002810421_n
საზღვაო ხომელდის შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე. მისი თქმით, მსგავსი სახის მოვლენები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ნატოს მოკავშირე ქვეყნისთვის.
თავდგირიძე აცხადებს, რომ ასეთი ტიპის გეგმური ვიზიტების ფარგლებში ქართული მხარისთვის გამოცდილების გაზიარება ხდება. სამხედრო ექსპერტი ფიქრობს, რომ აღნიშნული ვიზიტით რუსეთის გაღიზიანება ნაკლებად მოსალოდნელია. მის თქმით, 2008 წელს რუსეთს მძაფრი რეაქცია იმ პერიოდში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ქართულ მხარეს. ეს ვიზიტიც ამ მისიას ემსახურება. მსგავსი ვიზიტები ადრეც ხორციელდებოდა და მომავალშიც დაიგეგმება. 2008 წლის აგრესიის ფონზე რუსეთის მძაფრი რეაქცია მოჰყვა ხომალდის შემოსვლას. დღეს სხვა ვითარებაა, ასე, რომ ოფიციალური მოსკოვის აღშფოთება ნაკლებ სავარაუდოა“ ,- განუცხადა “კვირას“ გიორგი თავდგირიძემ. აღნიშნულ თემაზე “კვირასთან“ საუბრისას მცირე კომენტარით შემოიფარგლა ოპოზიციონერი დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი და განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი „მაუნთ უითნის“ ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
“არ  ვარ ინფორმირებული, სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტრო და უშიშროების საბჭო ყოველდღიურად არ გვაწვდიან ინფორმაციას“,-აღნიშნა დარჩიაშვილმა.
https://twitter.com/USNATO/status/521234402861678593

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები