პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ “მეგობარი აქტის” მხარდაჭერას გამოეხმაურა.
“სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მეგობარი აქტი“ სხვა კანონპროექტებთან ერთად პაკეტურად განიხილეს და მას კენჭი ცალკე არ უყარეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს აქტი კომიტეტზე გააძვრინეს, რადგან, ცალკე განხილვის შემთხვევაში, მისი მიღების ალბათობა არ იყო.
ეს ჯერ კანონპროექტია. მსგავსი უამრავი კანონპროექტი გვინახავს. ვიდრე ის კანონის სახეს არ მიიღებს, მანამდე ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. რაც შეეხება ინიციატივას, ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს არ დაეხმარება, არ იმუშავებს და არ იქნება კარგი იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ “პირველ არხთან” საუბრისას.
ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა “მეგობარ აქტს”, რომელიც გუშინ დახურულ რეჟიმში განიხილეს. “მეგობარი აქტი” საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.