გია ვოლსკი: თუ კონკრეტულმა ადამიანმა სერიოზული ზარალი მიიღო იმისგან, რომ დაიბარეს, მაგალითად, „ქართუ ბანკში“, წაართვეს ქონება და ის მწამებლებს გადაულოცეს, შეიძლება დამატებითი შეკითხვების საფუძველი გახდეს, თუმცა ეს არ არსებობს

“თუ კონკრეტულმა ადამიანმა სერიოზული ზარალი მიიღო იმისგან, რომ იგი დაიბარეს, მაგალითად, „ქართუ ბანკში“, წაართვეს ქონება, და ეს ქონება მწამებლებს გადაულოცეს, რა საკვირველია, ეს შეიძლება დამატებითი შეკითხვების საფუძველი გახდეს, თუმცა ეს არ არსებობს”, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა, გია ვოლსკიმ კითხვას, დაიკითხებოდა თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან იმის თქმა, რომ “ჯერ ის [ბიძინა ივანიშვილი] დაიბარე და მერე მე დამიბარე”, პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენის თაღლითური გზაა.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას [“ნაციონალურ მოძრაობას”] ეხმარებოდა იმისთვის, რომ ჰქონოდა მაღალი დონის და სტანდარტის პოლიცია და ჯარი, ასევე იმისთვის, რომ საქართველოში ეროვნული კულტურის ძეგლები არ დაკარგულიყო და არ ჩამოშლილიყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კონკრეტულ ადამიანს ჩაგრავდა ან თავის ბანკში მიიყვანდა, ტყავს გააძრობდა და საწამებლად ჩააბარებდა, რასაც “თიბისი” ბანკის ხელმძღვანელობის დროს აკეთებდა ხაზარაძე. ამაზეა შეკითხვები დასასმელი, თორემ სახელმწიფოს, თუ ეხმარებოდა ხაზარაძე, ჯაფარიძე ან ნებისმიერი სხვა, რომ სახელმწიფო არ ჩამონგრეულიყო და ამ ვითარებაში გარკვეული დარგები განვითარებული ჰქონოდა, ეს მისასალმებელია ყველასგან – ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა თუ ნებისმიერი ჩვენგანი. თუ კონკრეტული ადამიანი დაიჩაგრა და ასეთი ჩვენება არსებობს, თუ კონკრეტულმა ადამიანმა სერიოზული ზარალი მიიღო იმისგან, რომ იგი დაიბარეს მაგალითად, “ქართუ ბანკში”, წაართვეს ქონება და ეს ქონება მწამებლებს გადაულოცეს, რა საკვირველია, ეს შეიძლება დამატებითი შეკითხვების საფუძველი შეიძლება გახდეს, თუმცა ეს არ არსებობს. ადამიანმა პასუხი უნდა გასცეს კონკრეტულ შეკითხვას – ჯერ ის დაიბარე და მერე მე დამიბარე, ეს არის პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენის, იგივე თაღლითური გზა, რაც არაერთხელ გააკეთეს სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა ისინი სხდომაზე არ გამოცხადდნენ. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები