“ქვეყნის შიდა საქმეებში როცა ხელებს აფათურებენ, აღმაშფოთებელი ფაქტია, ასეთ ქმედებებს თავი დაანებონ, ქართველი ხალხისგან ღირსეულ პასუხს მიიღებენ” – გორდულაძე
“ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ და მათი სიარული ცხოველის მიერ ერთსა და იმავე წრეზე ბრუნვას ჰგავს, ადამიანები სანქციებზე საუბრობენ და აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ სანქციებს თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს, თან დამაშინებელი ეფექტი”, – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს სანქციებით ვერ შეაშინებენ.
“ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის. ყველაფერი იმ ძალებისგან მომდინარეობს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ უწოდებს, ხოლო ჩვენ „გლობალური ომის“ პარტიას. ჩვენი გუნდის ლიდერები როდესაც საუბრობდნენ, რომ მომავალში, ევროპიდან, „დიფ სთეითიდან“ ზეწოლა გაძლიერდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით, ამის მაგალითებს ყველგან ვხედავთ. ამის მაგალითია – ბალტიელებისა და სკანდინავიელების მიერ გადაწყვეტილებები. შედეგი ერთი და იმავეა – არავის აინტერესებს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. უბრალოდ, ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტია, როცა რაღაც საკითხებზე ყველანაირი საფუძვლის გარეშე მსჯელობენ და ქვეყნის შიდა საქმეებში ხელებს აფათურებენ. ასეთ ქმედებებს თავი დაანებონ, რადგან ქართველი ხალხისგან ღირსეულ პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.