გერმანიის დაზვერვა: რუსეთი დასავლეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის ემზადება
გერმანიის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთი განაგრძობს დასავლეთის სახელმწიფოებთან რეალური სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას,- ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა, ბრუნო კალმა განაცხადა
კალის თანახმად, პირველ ეტაპზე რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის განხეთქილებას და კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შერყევას შეეცდება.
კერძოდ, რუსეთი განიხილავს ვარიანტს, როცა ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნისთვის შექმნის ისეთ „საგანგებო სიტუაციას“, რომელზედაც ალიანსის დანარჩენ წევრებს სათანადო რეაქცია არ ექნებათ.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დასავლეთის სახელმწიფოებთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის, რუსეთს 2030 წლისთვის საკმარისი რესურსები ექნება.
როგორც გერმანული მედია წერს, რუსეთის და დასავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო.