“114-ის“ უფროსი: “სიცოცხლისთვის საშიში, ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარების გამოყენება გამოწვევად რჩება, გასულ კვირას, 1 დღეში 11 ადამიანი მოიწამლა”

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ „სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის“ უფროსის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, სიცოცხლისთვის საშიში, ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარების გამოყენება კვლავ გამოწვევად რჩება.

როგორც დეკანოიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გასულ კვირას, 1 დღეში CO-თი 11 ადამიანი მოიწამლა.

ზამთრის სეზონი დადგა, გაზი გათბობისთვის უკვე აქტიურად გამოიყენება. გამოწვევად რჩება ის დანადგარები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. გასულ კვირას 1 დღეში 4 შემთხვევა იყო, 11 ადამიანის ინტოქსიკაცია მოხდა. ოთხივე შემთხვევა სხვადასხვა მისამართზე დაფიქსირდა. ორ შემთხვევაში მიზეზი წყალგამაცხელებელი იყო, ორში კი გამათბობელი. ერთ-ერთი ყველაზე რთული მათ შორის, რაც შეიძლება გამოვყო, წყალგამაცხელებელი იყო, რომელსაც ე.წ. გამწოვი მილი, რითაც ნამწვი აირი ღია სივრცეში უნდა გაიტყორცნოს, მეორე ოთახში ჰქონდა გატარებული, სადაც ადამიანები იყვნენ და საქმიანობდნენ. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ცუდად მთავრდება ხოლმე. იმ დღეს გადარჩნენ, აღნიშნული შემთხვევა ცუდად არ დამთავრდა.
თერთმეტივე შემთხვევის დროს ყველა ცოცხალი გადარჩა, ნაწილი საავადმყოფოებში იყო გადაყვანილი, ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.
ძირითადად, დარღვევაა ღია წვის კამერიანი მკვლელი დანადგარები, რომლის დაყენება დახურულ სივრცეში არ შეიძლება, ინტოქსიკაციას იწვევს და ეს ლეტალურად შეიძლება, დამთავრდეს. ადვილი გასარჩევია, რომელია ღია და დახურული წვის კამერიანი დანადგარები. ღია წვის კამერიან დანადგარებს გვერდიდან ჭრილები და ერთი მილი აქვს (წყალგამაცხელებელზეა საუბარი). დახურული წვის კამერიან დანადგარებს ორი მილი აქვთ”- განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, წელს აბონენტების 60% უკვე შემოწმებულია. სპეციალისტები ამოწმებენ, იმას თუ რამდენად სწორადაა დამონტაჟებული დანადგარები. რაც შეეხება გარდაცვალების და ინტოქსიკაციის შემთხვევებს: წელს გარდაცვლილია 3 და მოწამლულია 25 ადამიანი.

“აბონენტების შემოწმების პროცესი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, თითოეული აბონენტი შევამოწმოთ და რეკომენდაციები მივცეთ. გაზთან დაკავშირებული საფრთხეები ორად შეიძლება, გავყოთ: ერთია CO-თი (რომელიც ნამწვი აირია, წვის შედეგად გამოიყოფა) ინტოქსიკაცია, მეორეა გაზის გაჟონვის შედეგად შექმნილი საფრთხე, რამაც შეიძლება, აფეთქება/აალება გამოიწვიოს. ორივე შემთხვევაში ჩვენი ჯგუფები ადგილზე სწავლობენ ქსელის ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობას, რამდენად სწორადაა დანადგარები დამონტაჟებული, აბონენტებს რეკომენდაციებს აძლევენ. თუ კრიტიკულად საშიში მდგომარეობაა, რიგ შემთხვევაში გაზმომარაგების შეწყვეტა ხდება. თუმცა, ერთი ცუდი ტენდენცია გვაქვს: ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები, გადამოწმების შედეგად არც ისე ცოტა რაოდენობაში, ისევ დაერთებული გვხვდება, იგივე ტრაექტორიით, იგივე ადგილზე და იგივე მდგომარეობით. ვფიქრობთ, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. ვინც ასეთ დანადგარებს იყენებს, ყველას მოვუწოდებთ, არ გამოიყენონ, რადგან ეს საშიშია. შესაძლოა, ყველაფერი ლეტალურად დასრულდეს.

სიტუაცია [დარღვევების მხრივ] გაუმჯობესებულია, იმასთან შედარებით, ვიდრე აქამდე იყო. აბონენტების დიდი ნაწილი შემოწმებულია, თუმცა, წინ შესამოწმებლად კიდევ ამ წლის 1 თვე გვაქვს. ეს პროცესი, ძირითადად, მარტიდან მარტამდე გრძელდება ხოლმე. დარღვევების პროცენტული მაჩვენებელი შედარებით გაუმჯობესებულია. მკვეთრადაა შემცირებული აღნიშნული დანადგარების დამონტაჟების სიხშირე, ასევე შემცირებულია ლეტალური და ინტოქსიკაციის შემთხვევები. თუმცა, ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს, როგორც გითხარით, მისამართებზე საშიში დანადგარები დამონტაჟებული კიდევ გვხვდება. გვინდა, დარღვევები ნულზე იყოს დაყვანილი.
წელს ლეტალური შემთხვევები დაფიქსირებულია. ასეთი 2 შემთხვევა იყო, გამოწვეული ინტოქსიკაციით. 1 შემთხვევაში ინტოქსიკაცია გამოწვეული იყო სააბაზანოში არასწორად დამონტაჟებული ე.წ. მკვლელი, ღია წვის კამერიანი დანადგარით”- განაცხადა დეკანოიძემ.

მანვე განმარტა, თუ როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი უბედური შემთხვევებისგან.

“რისკები თავიდან რომ ავირიდოთ და დაცულები ვიყოთ, აუცილებლად შემდეგი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ: უნდა გამოვიყენოთ სათანადო დანადგარები, გაზქურის გასათბობად გამოყენება არ შეიძლება, ყველა დანადგარი სწორად უნდა იყოს დამონტაჟებული, როდესაც გაზის სუნს ვიგრძნობთ “114-ში” უნდა დავრეკოთ. გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში გადავკეტოთ გაზის ონკანები, ფართი გავანიავოთ. არ გამოვიყენოთ ღია ცეცხლი, ან რაიმე ელექტრო ხელსაწყო. თუ გვინდა, ვიცოდეთ ჩვენს სახლში არსებული დანადგარები გამართულად არის, თუ არა დამონტაჟებული, 2 40 40 04-ზე უნდა მოგვმართოთ, ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად მოკლე დროში მისამართზე მოვლენ, დანადგარებს გადაამოწმებენ, შეაფასებენ და სწორ რეკომენდაციებს გასცემენ“- განაცხადა დეკანოიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები