ბოლნისელმა მეღვინეებმა ,,ქარვისფერი ღვინის ფესტივალში’’ მიიღეს მონაწილეობა
კომპანია არემჯის, ბოლნისის მერიისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ წევრმა 11-მა მცირე მარანმა ავსტრიის დედაქალაქში გამართულ ქარვისფერი ღვინის ფესტივალში – Orange Wine Festival მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალზე 13 ქვეყნის 107 მარნის 350-მდე დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყო 24 ქართული მარანი.
,,ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ბოლნისელი მეღვინეებისთვის, რადგან პირველად მივიღეთ მონაწილეობა 11-კაციანი დელეგაციით საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე. ჩვენ მივიღეთ საქმიანი კომუნიკაციის გამოცდილება უცხოელ მეღვინეებთან, ბაიერებთან და ღვინით დაინტერესებულ სხვა პირებთან, ასევე გავეცანით საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების კულტურას. ფესტივალის შემდეგ ველოდებით უკუკავშირს იმ ბაიერებისგან და დაინტერესებული პირებისგან, რომლებთანაც გავცვალეთ კონტაქტები. ჩემი აზრით, ეს ფესტივალი მოტივაცია იქნება იმ მეღვინეებისთვისაც, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა’’ – განაცხადა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ დირექტორმა გურამ ავქოფაშვილმა.
ფესტივალი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება და ვიზიტორებს საშუალებას აძლევს დააგემოვნონ, კანთან კონტაქტით მიღებული ნატურალური ქარვისფერი ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
„ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი“ არის პირველი საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც ბოლნისიდან 11 მეღვინე დაესწრო, რითაც ბოლნისური მეღვინეობა ყურადღების ცენტრში მოექცა. იმავდროულად, თავად მეღვინეებს მიეცათ შესაძლებლობა პირადად გასაუბრებოდნენ ვიზიტორებს, გამოცდილება გაეცვალათ სხვა ქვეყნების მონაწილე მარნებთან და ადგილზე ეწარმოებინათ საქმიანი მოლაპარაკებები პოტენციურ მყიდველებთან.
,,ფესტივალი ჩატარდა ვენის ერთ-ერთ მუზეუმში კარგად ორგანიზებულ გარემოში, სადაც წარმოდგენილი იყო 13 ქვეყნის მცირე მარნების ნატურალური ღვინოები. ჩვენ მიერ წარდგენილმა ღვინოებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურეს ფესტივალზე დამსწრე ვიზიტორებისგან. ჩვენ მათ ინფორმაცია მივაწოდეთ ბოლნისის ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციის შესახებ. ფესტივალზე წარმოდგენილი მქონდა ქარვისფერი ქვევრის ბოლნისის რქაწითელი და ქვევრის კახური მწვანე, ორივე ღვინომ ინტერესი გამოიწვია და რამდენიმე ბაიერთან გავცვალე კონტაქტი. ავსტრიის ბაზარზე გასვლა დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება გერმანიისა და ლატვიის ბაზრებზე ექსპორტის შემდეგ, ჩემი მეღვინეობისათვის’’. – განაცხადა მეღვინე იოსებ მუხიგულაშვილმა.
არემჯი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამას მე-6 წელია ახორციელებს. კერძო სექტორის, მუნიციპალიტეტისა და მეღვინეთა გაერთიანების მჭიდრო თანამშრომლობა საუკეთესო ხარისხის ბოლნისური ღვინოების წარმოებას, მათ პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზარზე გატანას უწყობს ხელს.
„არემჯის ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა სხვადასხვა მსხვილ პროექტთან ერთად, საუკეთესო ბოლნისური ღვინოების ისეთ მასშტაბურ ღვინის ღონისძიებებზე წარდგენას ითვალისწინებს, როგორიც არის „ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი“. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ფესტივალს ამდენი მეღვინე ესწრება. ვფიქრობ, რომ მათ პირველ რიგში მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება, პირადად გაეცნენ უცხოეთში მსგავსი ფესტივალების ჩატარების ფორმატს, გაიგეს რა ტრენდებია მსოფლიოში ნატურალური ღვინის დაყენების მიმართულებით. მჯერა, რომ წელს „ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალსა“ და „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობის შემდეგ, ბოლნისური ღვინოების ექსპორტი ევროპაში გაიზრდება“. – განაცხადა არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა ზურაბ დევდარიანმა.