ისრაელმა ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ისრაელმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

„ისრაელის მიერ შეტანილი საჩივარი დეტალურად ამხელს რამდენად აბსურდული იყო დაკავების ორდერების გაცემა და რამდენად აკლია რაიმე ფაქტობრივი ან იურიდიული საფუძველი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ჰააგის სასამართლო საჩივარს უარყოფს, ეს მხოლოდ „აჩვენებს ისრაელის მეგობრებს აშშ-სა და მსოფლიოში, რამდენად მიკერძოებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, რომ ღაზის კონფლიქტში სავარაუდო ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასულ კვირას ნეთანიაჰუსა და გალანტის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერი გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები