“გარე აქტორების ცოდვები “ნაცმოძრაობის” ცოდვებთან ერთად არის გასაზიარებელი და გასაანალიზებელი” – ვოლსკი

“აბსოლუტურად არ აინტერესებთ არც ევროპული სტანდარტი, არც ადამიანის უფლებები და ერთ დღეში რომ გაწყდეს ყველა ქართველი, არავინ ცრემლს არ დაღვრის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნულით ის ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც ღიად გამოუცხადეს მხარდაჭერა საპროტესტო აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც ხელისუფლების დამხობა იყო.

“აბსოლუტურად არ აინტერესებთ არც ევროპული სტანდარტი, არც ადამიანის უფლებები და ერთ დღეში რომ გაწყდეს ყველა ქართველი, არავინ ცრემლს არ დაღვრის. არ არსებობს ევროპაში ისეთი სტანდარტი, რომელიც უპირისპირდება გამჭვირვალობას. პირდაპირ გეუბნებიან, თქვენი საქმე არ არის, რა თანხას შემოვიტანთ, რა რაოდენობის ფულს დავხარჯავთ და რა პროგრამებს განვახორციელებთ, თუნდაც იარაღის ხმარებას ან ტერორისტული აქტების ჩატარებას ვახორციელებდეთ და ვასწავლიდით ახალგაზრდებს. გარე აქტორების ცოდვები “ნაცმოძრაობის” ცოდვებთან ერთად არის გასაზიარებელი და გასაანალიზებელი.

ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა, ჩვენ ვამბობთ, რომ ოთხი მცდელობა იყო რევოლუციისა, სისხლიანი რევოლუციის, მათი მონდომება ყოველთვის იყო, რომ ვინმე მომკვდარიყო, დაღუპულიყო და სისხლი დაღვრილიყო. არ არსებული ბრალდებები წაუყენეს ხელისუფლებას. ამაში, ყველაფერში, გრძელვადიანად ურევია იმ ევროპარლამენტარების, იმ ევრობიუროკრატიის ხელი, რომელიც გუშინაც ძალიან აშკარად გამოჩნდა, თუნდაც მიხეილ როთის განცხადებები რომ ავიღოთ, ეს არის სიმბოლო, მანიფესტაცია იმ დამოკიდებულებისა, რაც ზოგიერთ უცხოელს ჩვენი ქვეყნისადმი გააჩნია,” – თქვა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები