ალექსანდერ ბეინი და პირველი მაღვიძარას ისტორია

დღეს მაღვიძარას, ალბათ, ყველა ვიყენებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნის დასაწყისი, როცა ადამიანები ჯერ კიდევ სანთლისა და მექანიკური საათების იმედზე იყვნენ. სწორედ მაშინ გამოჩნდა შოტლანდიელი გამომგონებელი ალექსანდერ ბეინი, რომელმაც პირველმა გაბედა საათისთვის „ხმის მიცემა“ და შექმნა მოწყობილობა, რომელსაც კონკრეტული დროის დადგომისას ადამიანის გაღვიძება შეეძლო. ეს გახლდათ პირველი ელექტრული მაღვიძარა — ტექნოლოგია, რომელმაც დრო გაუსწრო.

1810 წელს შოტლანდიაში დაბადებული ალექსანდერ ბეინი უბრალო მეწაღის შვილი იყო, მაგრამ ბავშვობიდანვე უჩვეულო ინტერესი ჰქონდა მექანიზმებისა და ელექტრონიკის მიმართ. თვითნასწავლი ბეინი თავდაპირველად უბრალო ტექნიკოსად მუშაობდა, მაგრამ მალე გაიცნო ელექტრონის მსოფლიო პიონერები და საკუთარი გამოგონებებითაც გაითქვა სახელი.

1847 წელს ბეინმა დააპატენტა საათი, რომელიც ელექტროენერგიის საშუალებით მუშაობდა. თუმცა, ბეინი მხოლოდ საათის ფუნქციით არ დაკმაყოფილდა. მან დაამატა ახალი, რევოლუციური ფუნქცია: კონკრეტულ დროზე დაყენების შემდეგ, საათი აგზავნიდა ელექტრულ იმპულსს და მოწყობილობა ხმას გამოსცემდა. სწორედ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საათმა ადამიანის გაღვიძება შეძლო.

ბეინის იდეა იმდენად წინ იყო თავისი დროისთვის, რომ საზოგადოების ნაწილმა, უბრალოდ, ვერ გაიგო მისი დანიშნულება. თუმცა, სხვა გამომგონებლები კარგად მიხვდნენ, რამდენად შორს მიდიოდა ეს ტექნოლოგია — და სწორედ აქ დაიწყო კონფლიქტიც.

ბეინი დაადანაშაულეს, რომ მან თავისი იდეების ნაწილი მოიპარა ინგლისელი გამომგონებლის, სერ ჩარლზ უიტსტონისგან, რომელიც ტელეგრაფზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბეინს ოფიციალურად ჰქონდა პატენტი, ამ სკანდალმა მისი კარიერა დაჩრდილა. მას აღარ მისცეს სრულფასოვანი დაფინანსება, რის გამოც გამომგონებლის სახელი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა..

თუმცაღა, სწორედ მისი გამოგონება იყო ფუნდამენტი იმ მექანიზმებისთვის, რომლებიც დღეს უკვე „ჭკვიან“ მოწყობილობად გადაიქცნენ.

ალექსანდერ ბეინს დღეს იშვიათად ახსენებენ, მაგრამ მისი გამოგონება ყველა ჩვენგანის სახლშია. თითოეული მაღვიძარა, რომელიც დილას ხმას გამოსცემს, სწორედ მის იდეას ეყრდნობა. შეიძლება, ცოტა ირონიულიცაა: კაცმა, რომელმაც დროის „ხმად ქცევა“ შეძლო, თავად დროის ხმაურში დაკარგა სახელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები