ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია გორგაძემ და სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა, თამთა დემურიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსჯავრდებულების ენობრივი ბარიერის დაძლევის, საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსებში ჩართვის, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გათავისუფლების შემდგომ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ჟვანიას სკოლა 10 ჯგუფის 77 მსმენელთან სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას საპილოტე რეჟიმში განახორციელებს.
„მემორანდუმის გაფორმებამდე, უწყებების წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მსჯავრდებულებს შეხვდნენ, მათ სახელმწიფო ენის სწავლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და სხვა საჭირო ნივთები გადასცეს და სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.