ყავახანა, სადაც საუბარი აკრძალული იყო
დღეს კაფე წარმოგვიდგენია, როგორც ხმაურიანი სივრცე, სადაც არომატული ყავის სუნს ადამიანების საუბრის ხმებიც ერთვის, მაგრამ XVII საუკუნის სტამბოლში არსებობდა ადგილი, სადაც ეს ყველაფერი კატეგორიულად იკრძალებოდა.
იქ მისული ადამიანი ყავას სვამდა ჩუმად — სიტყვის თქმაც კი შეიძლებოდა, დასჯით დასრულებულიყო.
ყავა ოსმალეთში XVI საუკუნის შუა წლებში შემოვიდა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მთელი კონსტანტინოპოლი აივსო ყავახანებით — ადგილებით, სადაც ხალხი იკრიბებოდა, კითხულობდა, მსჯელობდა პოლიტიკაზე და ზოგჯერ აკრიტიკებდა კიდეც სულთანსაც.
ეს ადგილები სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდნენ საზოგადოებრივ ტრიბუნას, რაც მმართველებს, ცხადია, არ სიამოვნებდათ. ყავახანები, ფაქტობრივად, მდუმარე რევოლუციის ცენტრებად იქცნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სულთანმა, მურად IV-მ ერთი პერიოდი ყავახანები აკრძალა, ხალხმა მალევე იპოვა გამოსავალი — გახსნეს ახალი ტიპის კაფეები, სადაც არც მუსიკა იყო და არც საუბარი. ეს იყო სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლოთ დაესვენათ, წაეკითხათ ან ეფიქრათ — და ამას მხოლოდ სიჩუმეში აკეთებდნენ.
ამ „ჩუმ კაფეებს“ ხშირად სტუმრობდნენ სწავლულები, დერვიშები, მოლები და ისინი, ვინც სიბრძნეს მდუმარებაში ეძებდა.
აღნიშნული კაფეები არ ეკუთვნოდა კონკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობას, თუმცა მათში იგრძნობოდა სუფისტური გავლენა. კლიენტს წინასწარვე აფრთხილებდნენ: საუბარი დაუშვებელია, თუნდაც ჩურჩულით.
მფლობელები და მოსამსახურეები აკვირდებოდნენ დარღვევებს და უხმოდ აცილებდნენ ხოლმე „ხმაურიან“ სტუმრებს.
შეკვეთა მხოლოდ მინიშნებებით ან დაწერილი ქაღალდით ხდებოდა.
მენიუ — მხოლოდ ყავა, შაქრით ან უშაქროდ.
ეს უცნაური პრაქტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა დასამახსოვრებელი ფენომენია იმ ეპოქისა, როცა ყავა ახალი კულტურული მოვლენა იყო. სტამბოლის ჩუმი კაფეები გვახსენებს, რომ ხანდახან სიჩუმეც საუბარია — და ერთმა ფინჯანმა ყავამაც შეიძლება შექმნას სივრცე, რომელიც პოლიტიკაზე მეტს ამბობს.