„იმდენად მარტო ვიყავი, მინდოდა ლექსებით მოვფერებოდი ჩემს სამშობლოს“ – ლალი ასაბაშვილის ემიგრანტული განცდები და ათენში, ავტობუსში დაწერილი ლექსი

ყვარლის რაიონი სოფელ შილდაში დაიბადა. პროფესიით ეკონომისტი, ბუღალტერი.
18 წელი  საბერძნეთში ემიგრაციაში  იმყოფებოდ.
ამბობს, რომ ემიგრაციაში პოეზიის შუქით ცხოვრობდ,  ბავშვობიდან გამოყოლილმა პოეზიის დიდმა სიყვარულმა გადაატანინა ემიგრაციის სევდაც და სხვა ცხოვრებისეული ქარტეხილები, რომელსაც სამშობლოს და ახლობლების მონატრება ჰქვია…
მისი ლექსები  იბეჭდებოდა  სხვადასხვა ჟურნალ გაზეთში, საბერძნეთის ქართული დიასპორის გაზეთ „ელადაში”, საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირის ჟურნალში ემიგრანტი ქალი, ასევე – წიგნებში, თანაავტორებთან ერთად.
2022 წელს გამომცემლობა მწიგნობარში დაბეჭდა  ლექსების პირველი კრებული  – „ყველგან გეძებდი“.
არის: საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია გულანის წევრი;
საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია  „გერას წევრი. – ლალი ასაბაშვილის პერსონა.

 – რა ასაკშიც არ უნდა ვიყო, ბავშვობა ყოველთვის საინტერესო, ლამაზ მოგონებად არის დარჩენილი მეხსიერებაში. ბავშვობა ხომ ყველაზე უდარდელი ხანა იყო… მშობლები, ახლობლები, ყველა გვერდით მყავდა, გვიყვარდა და გვიხაროდა ერთმანეთის ნახვა, სტუმრობა. ჩემს ბავშვობაში საინტერესო ურთიერთობები იყო, რაც დღევანდელ თაობას ძალიან აკლია.
ლექსებს კი… ბავშვობის ადრეულ ასაკშიც ვწერდი, მაგრამ შემონახული არ მაქვს ძველი ნაწერები. უფრო გვიან 29-30 წლიდან დავიწყე წერა, მაგრამ ყოველთვის მქონდა პაუზები.
–  ეკონომისტი, ბუღალტერი და ლექსების წერა… რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, როცა ლიტერატურა, პოეზია გიყვარდათ?
– ეს არჩევანი წლების მერე გავაკეთე… შემდეგ ცხოვრებაც აირია, რასაც საბჭოთა კავშირის ნგრევა მოჰყვა, ჩემი სამსახურიც დაიხურა და უმუშევარი დავრჩი,  ისე, რომ დიდად ვერაფერში გამოვიყენე. ლიტერატურა, პოეზია კი მუდამ ძალიან მიყვარდა… ემიგრაცია… სხვა მრავალი ქალბატონის მსგავსად თქვენც შორეულ გზას გაუდექით… ამ გადასახედიდან რას იტყვით? რა შეცვლა თქვენში ამ არჩევანმა?
– ემიგრაციაში გატარებულმა წლებმა, დიდი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში, თავიდან ძალიან გამიჭირდა შეგუება, მაგრამ როგორც სხვები, მეც მივეჩვიე ემიგრანტულ ცხოვრებას, შევიყვარე ის ქვეყანაც, ხალხიც, ვინც გაჭირვებისას კარი გამიღო და თავი, როგორც საკუთარ ოჯახში, ისე მაგრძნობინა. დღევანდელი გადმოსახედიდან ამას ვიტყოდი…
შეიძლება ეკონომიკური პრობლემები გავიუმჯობესე, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან ბევრი რამ დავკარგე, ბევრი რამ შეიცვალა… დავკარგე: დედა, ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, ისე, რომ ახლოდან ვერ გამოვემშვიდობე, ვერ დავიტირე ვერავინ… ეს ტკივილი არასოდეს მოშუშდება, მთელი ცხოვრება ტკივილად გამყვება.
– ამბობთ, რომ ემიგრაცია პოეზიის დიდმა სიყვარულმა გადაგატანინათ…
– ნამდვილად ასეა, იმდენად მარტო ვიყავი, ჩემს ფიქრებში, სულ ლექსებით მინდოდა მოვფერებოდი ჩემს სამშობლოს, ვწერდი სადაც მუზა მსტუმრობდა, ბევრჯერ ავტობუსშიც დამიწერია.
– ერთი ლექსის საინტერესო ისტორია…
– ყველა ჩემს ლექსს, თავისი ისტორია აქვს, მახსოვს ათენში ავტობუსით სამსახურის საქმეზე მივდიოდი,  გზა ძალიან გაიწელა, საცობიც იყო, ფიქრებმა წამიღო, მაშინვე ტელეფონი მოვიმარჯვე და ამ ლექსის წერა დავიწყე:

ემიგრანტის ფიქრები

სამშობლოზე მონატრებულს შორს მიხდება ყოფნა,
ყველამ ვიცით, რა ძნელია ემიგრანტის ყოფა.
მენატრება, კახეთი და დალოცვილი გრემი,
ღმერთო! – მუდამ დაიფარე, დაუმარცხე მტერი.

ძალზე ხშირად მესიზმრება გერგეტი და ზარზმა,
მოზღვავებულ სურვილებსაც, ვერ ვშველივარ, რა ვქნა.
მიყვარს მცხეთა, მიყვარს ჯვარი, ამღვრეული მტკვარი,
უთბილისოდ გული დამაქვს, უცხო ქვეყნად მკვდარი.

ვფიქრობ, ახლა მოვივლიდი, დმანისსა და სიონს,
როგორ შვენის, თეთრი წვერი, ბებერ კავკასიონს.
ჩემს სამშობლოს, ძირძველ მიწას, უფლის კვართი ფარავს,
საქართველოს, ემიგრანტებს, ყველას დაგვიფარავს.

ქართვლის დედა ფხიზლადაა, უდარაჯებს თბილისს,
ღმერთო! – გული ვეღარ უძლებს, უსამშობლოდ ტკივილს.
ჩემი ლოცვა, ჩემი ფიქრი, მიიწევდა ცამდე,
ემიგრანტად არ დავრჩები, მინდა ყველას გწამდეთ.
– 18 წელი ემიგრაციაში ცოტა არ არის… როგორი ჩანდა შორიდან დანახული სამშობლო?
– მონატრების ფერი ჰქონდა შორიდან დანახულ ჩემს სამშობლოს…
„გული როცა სიყვარულით შემომიტევს
და ჩიტივით მოაწყდება ფანჯრის რაფას.
მონატრება ჩემი ქვეყნის საზღვრებს უტევს
და სურვილიც, მისკენ წასვლის დღეებს ღაფავს“…
ემიგრანტებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც შეიძლება მალე დაბრუნებას ვუსურვებ.
– თქვენი ლექსები ამღერდა… რომელ სიმღერას გამოარჩევდით?
– ჩემი ლექსები, ჩემმა მეგობრებმა აამღერეს: კომპოზიტორმა გიული ერგემლიძემ, მომღერალმა თამარ ბოჭორიშვილმა, ასევე – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა და მომღერალმა თენგიზ პაპიძემ, დავით გორელმა, მაია სიჭინავამ. ყველა სიმღერა უზომოდ მიყვარს და არ მინდა რომელიმეს გამორჩევა.
2022 წელს გამოვიდა  ლექსების პირველი კრებული  –  ,,ყველგან გეძებდი“. რა თემებზეა კრებული? რა შეიცვალა კრებულის გამოსვლის შემდეგ?
– ჩემი პირველი ლექსების კრებული „ყველგან გეძებდი” 2022 წელს გამოვიდა. ეს წიგნი მონატრებაზეა და გარდაცვლილ შვილს მივუძღვენი… შეცვლით ბევრი არაფერი შეცვლილა, მრავალი წიგნის, ჟურნალის თანაავტორი ვიყავი და ერთი ჩემი საკუთარი წიგნის ავტორიც გავხდი.
– ორჯერ მიიღეთ პრემია „ივერია“…
– ორჯერ გადმომეცა ილია ჭავჭავაძის პრემია ,,ივერია”. ორჯერ მომიწია, ევროპის ქვეყნებში გამგზავრება, პრემია „ივერიასთან“, მის დამაარსებელ ნუგზარ ჭიაბერაშვილთან ერთად,  2024 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ მატერაში, ხოლო, 2025 წლის აპრილში ათენის დედა ენის ფესტივალზე. ეს მართლაც, დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი დღეები იყო.
– ჰობი…
– მიყვარს ბუნებაში სეირნობა, მოგზაურობა.
– ოჯახი…
– ვცხოვრობ მარტო, მყავს ორი და, დისშვილები.
– სამომავლო გეგმები…
– ჩემი სამომავალო გეგმაა – უახლოეს მომავალში მეორე წიგნის გამოცემა.

                                                                                                 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები