შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, თქვენს ქვეყანას მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ასწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა ერთდროულად გამოაცხადეს, რაც არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რეგიონული მნიშვნელობის მოვლენა იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენმა წინაპრებმა მაშინ დაადასტურეს, რომ ცივილიზებული კაცობრიობის მოწინავე ერებს წარმოადგენდნენ, ვინაიდან საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პროგრესული სოციალ-დემოკრატიული უმრავლესობა აირჩია პარლამენტში, ხოლო აზერბაიჯანი იყო პირველი მუსლიმური ქვეყანა დემოკრატიული წესწყობილებით.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნები ახალ გზას დაადგნენ, თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიული მმართველობის განვითარებისთვის განახლებული ბრძოლის სულისკვეთებით. მას შემდეგ, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა დინამიკურად განვითარდა და მტკიცე და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის სახე მიიღო. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები მხოლოდ გეოგრაფიულ სიახლოვეს არ უკავშირდება, არამედ ხანგრძლივ ხალხთაშორის მეგობრობასა და თანამშრომლობას ეფუძნება, რომელიც დღევანდელ ცვალებად და გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში ახალ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

მოხარული ვარ, რომ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები ინტენსიურად ვითარდება. გასული წლის საპარლამენტო დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იყო. ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს ნაყოფიერ ვიზიტებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. წელს კი, უკვე საქართველოში ვუმასპინძლეთ ჩემს ღრმად პატივცემულ კოლეგა ქალბატონ საჰიბა გაფაროვას და საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, საპარლამენტო ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანეთ”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება.

„შუა დერეფანი, რომელიც, ჩვენი ქვეყნების გავლით, ევროპასა და აზიას აკავშირებს, არ არის უბრალოდ სავაჭრო მარშრუტი, ის სიმბოლოა იმ შედეგების, რომლებსაც ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია მივაღწიოთ. სრულ მზაობას ვაცხადებთ, ვიმუშაოთ აზერბაიჯანთან დაკავშირებადობისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. აუცილებლად გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურული, დიპლომატიური და ხალხთაშორისი კავშირების მშენებლობას, რაც ჩვენი ერებისა და რეგიონის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენს ქვეყანას მშვიდობას, შემდგომ განვითარებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მიღებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები