სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო კავშირების გაფართოების მიზნით, თსუ-ის დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო კავშირების გაფართოების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Pace University New York-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებაზე ისაუბრეს თსუ საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ და Pace University New York-ის საერთაშორისო ოფისის დირექტორმა ლიზა კრაფთმა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Pace University-ს სეზონურ პროგრამებში თსუ-ს სტუდენტების მონაწილეობის შესაძლებლობებს.
“განიხილეს ფინანსური შეღავათების, აკადემიური მხარდაჭერისა და ადმინისტრაციული მომსახურების შეთავაზება თსუ-ს სტუდენტებისთვის, რაც მნიშვნელოვან სტიმულად შეიძლება იქცეს თსუ-ს სტუდენტური მობილობის ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავების მიმართულებით. პარტნიორობის პირობების ჩამოყალიბების პროცესში გათვალისწინებულია სტუდენტთა აკადემიური მობილობის, ინგლისურენოვანი კურსების ხელმისაწვდომობისა და მიღების პროცესის გამარტივება.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თეა გერგედავამ და თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ფირცხალავამ შეხვედრა გამართეს Rutgers, The State University of New Jersey-ის გლობალურ საქმეთა ოფისში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის გლობალური ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ერიკ გარფუნკელი და პარტნიორობის განვითარების ასოცირებული დირექტორი, კიმ პერნი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თსუ-სა და Rutgers-ის უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა მონაწილეობას სეზონურ და მოკლევადიან პროგრამებში, რომლებიც შესაძლებელს გახდის თსუ-ს სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის, პრაქტიკაზე ორიენტირებული საერთაშორისო გამოცდილების მიღებას,”- ნათქვამია ინფორმაციაში.