ისრაელის სამხედრო ავიაციამ, იემენის დედაქალაქ სანას აეროპორტი დაბომბა.
ისრაელი აცხადებს, რომ იემენის დედაქალაქ სანაში მდებარე მთავარ აეროპორტზე საჰაერო იერიშები მას შემდეგ დაიწყო, რაც იემენელმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა ისრაელის მიმართულებით ორი ჭურვი ისროლეს.
თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა აეროპორტში ჰუსიტების ტერორისტულ სამიზნეებს შეუტიეს და ბოლო დარჩენილი თვითმფრინავი გაანადგურეს.
„ეს არის მკაფიო გზავნილი და ჩვენ მიერ დადგენილი პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება. ვინც არ უნდა ესროლოს ისრაელის სახელმწიფოს, მძიმე ფასს გადაიხდის. იემენის პორტები კვლავ მძიმე დარტყმების ქვეშ იქნებიან, სანას აეროპორტი კი ისევ და ისევ განადგურდება, ისევე როგორც სხვა სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ამ ტერიტორიაზე, რომელსაც „ჰუსიტების“ ტერორისტული ორგანიზაცია და მისი მხარდამჭერები იყენებენ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ზიანს უფრო მკაცრი პასუხი გაეცემა.