მერცი – “უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაფართოვდება”
„ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა დავასუსტოთ კრემლის სამხედრო მანქანა“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს საკუთარი შორი მოქმედების იარაღის შემუშავებაში დაეხმარება.
“მოსკოვს დროის მოგება სურს და მემორანდუმის გაჭიანურებას ცდილობს, ხოლო კიევზე მასიური საჰაერო თავდასხმები არა მშვიდობის, არამედ ომის ენაა. აქედან გამომდინარე, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაფართოვდება. კერძოდ, საუბარია უკრაინული წარმოების შორი დისტანციის სისტემების შეძენაზე, დიაპაზონის შეზღუდვების გარეშე”,- აღნიშნა მერცმა.
როგორც მერცმა განაცხადა, კიევი და ბერლინი ხელს მოაწერენ მემორანდუმს შორი დისტანციის სისტემების შესყიდვის შესახებ, რომელთა წარმოება უკრაინაში განხორციელდება.