როცა კეტჩუპი წამალი იყო — ძველი რეცეპტების უცნაური თავგადასავალი
დღეს კეტჩუპი ყველაფერს უხდება — ბურგერს, კარტოფილსა თუ სოსისს, მაგრამ 1800-იან წლებში ის მედიცინის ნაწილად ითვლებოდა და ხალხს არა გემოსთვის, არამედ ჯანმრთელობისთვის აძლევდნენ.
მაშინაც კი, როცა ის საერთოდ არ იყო პომიდვრის სოუსი.
თავდაპირველად სიტყვა კეტჩუპი თევზისგან დამზადებულ მარილიან სოუსს ნიშნავდა. ევროპელებმა ეს იდეა ინდონეზიიდან და მალაიზიიდან წამოიღეს 1600–1700 წლებში და მასში ადგილობრივი ინგრედიენტების ჩართვა დაიწყეს.
შესაბამისად, პირველი კეტჩუპები პომიდვრისგან კი არა, თევზის ნარჩენებისგან, სოკოსგან ან ნიგოზისგან მზადდებოდა. ისინი მუქი, მკვეთრი არომატისა და ხშირად საკმაოდ უსიამოვნო სუნის მქონე სოუსები იყო, რომლებიც უფრო კონცენტრირებული მარილიანი საწებლები გახლდათ.
პომიდორი აშშ-ში 1800-იან წლებამდე სკეპტიკურად აღიქმებოდა — ბევრი თვლიდა, რომ ის შხამიანი იყო (მასში არსებული სოლანინის გამო), მაგრამ ერთმა კაცმა ეს დამოკიდებულება შეცვალა.
1834 წელს ექიმმა, ჯონ კუკ ბენეტმა პომიდვრის საფუძველზე შექმნა „სამედიცინო კეტჩუპი“. ის ამტკიცებდა, რომ პომიდორი კურნავდა დისპეფსიას, დიარეას, სიყვითლეს და სისხლის დაავადებებს. მისი რეცეპტით დამზადებული პომიდვრის სოუსი იყიდებოდა როგორც წამალი, ტაბლეტების სახითაც კი.
ბენეტის შემდგომი ნაბიჯი მარკეტინგი იყო — იგი წერდა სტატიებს, აქვეყნებდა პამფლეტებს და ცდილობდა დაემკვიდრებინა პომიდვრის სოუსი, როგორც სამკურნალო საშუალება. მისი იდეა სწრაფად აიტაცეს ფარმაცევტებმა და ბაზარზე გაჩნდა „კეტჩუპ-ტაბლეტები“.
თუმცა, პოპულარობასთან ერთად პრობლემებიც მოვიდა. ბაზარზე, ასევე, მალე გაჩნდა უამრავი ყალბი კეტჩუპ-წამალი, რომელიც არაფერს არ კურნავდა. ზოგიერთი საერთოდ არ შეიცავდა პომიდორს — ზოგი, საერთოდ, პირდაპირ მავნე ნივთიერებებსაც შეიცავდა. ასე რომ, სამედიცინო კეტჩუპის ისტორია დიდხანს აღარ გაგრძელებულა.
XIX საუკუნის ბოლოს და განსაკუთრებით, XX საუკუნეში, კეტჩუპმა თავისი სამკურნალო მიზნები დაკარგა — თუმცა მისი გემო იმდენად პოპულარული გახდა, რომ, სამედიცინო რეკლამის გარეშე, საზოგადოებამ მისი ყოველდღიურ საკვებად გამოყენება დაიწყო. 1920-იან წლებში კომპანია Heinz-მა შემოიღო კეტჩუპის სტანდარტი — ტკბილ-მჟავე, წითელი სოუსი, რომელიც დღეს ყველამ ვიცით.