„დედის დღე“ საქართველოსა და მსოფლიოში — პოპულარული ტრადიციის ისტორია
„დედის დღე“ მსოფლიოს ათობით ქვეყანაში აღინიშნება. თითოეულ ქვეყანაში ამ დღეს საკუთარი ისტორია აქვს და განსხვავებულ თარიღებშიც აღინიშნება, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებს — განსაკუთრებული სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვა დედების მიმართ. ამ სტატიაში გვინდა, რამდენიმე ქვეყნის მაგალითი გაგიზიაროთ.
საქართველოში ამ დღის 3 მარტს აღნიშვნის ტრადიცია პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ შემოიღო. ეს დღე, ისევე როგორც 8 მარტი, უქმე დღეა. ამ დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებით ხვდება. ტრადიციულად, შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს და სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.
აშშ-ში ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 1872 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც გააერთიანებდა ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში. მან საამისოდ არაერთი აქცია მოაწყო. მოგვიანებით, 1907 წელს, მოქალაქე ანა ჯავისმა, რომელიც ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის. ის წერდა, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები წარმატებით 1910 წელს დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში ეს ყველაფერი უკვე გაოფიციალურდა და მას მერე დღესასწაულს ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს აღნიშნავენ. დედის დღე ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ამ დროს სატელეფონო ხაზები გადატვირთულია, გაყიდვები პიკს აღწევს და რესტორნები სრული დატვირთვით მუშაობენ. დედის დღის ტრადიციები, ძირითადად, მოიცავს საუზმეს საწოლში, ყვავილების თაიგულს, ღია ბარათებს, საჩუქარს და ვახშამზე დაპატიჟებას.
დიდ ბრიტანეთში „დედის დღის“ ტრადიციას უფრო დიდი ისტორია აქვს — მას XVII საუკუნიდან აღნიშნავენ. ის მარხვის მეოთხე კვირას აღინიშნება და აქედან გამომდინარე, თარიღი მუდმივად ცვალებადია. მას „დედის კვირეულს“ უწოდებენ. ბრიტანეთში შემორჩენილია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, დედებისთვის ნუშის ნამცხვარს ამზადებენ.
იაპონიაში დედის დღის დაწესებას პირველად 1931 წელს შეეცადნენ. მაშინ ჰქონდათ სურვილი, რომ ეს დღე იმპერატორის იუბილეს დამთხვეოდა. ტრადიცია არ გაგრძელდა. ახლა იაპონიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ ნაწილში, დედებს ყვავილებს ჩუქნიან მაისის თვის პირველ კვირა დღეს.
გერმანიაში ამ დღესასწაულს საფუძველი 1923 წელს ჩაეყარა, ხოლო როგორც სახელმწიფო დღესასწაული, 1933 წლიდან აღინიშნება. დღესასწაულის უკან ფლორისტების გაერთიანება იდგა. მათი მიზანი იყო, პატივი მიეგოთ პირველი მსოფლიო ომის მონაწილე დედებისთვის. მას შემდეგ, წელიწადში ერთხელ, მაისის მეორე კვირას გერმანელი დედები ე.წ. „Muttertag-ს“, დედის დღეს ზეიმობენ.
საფრანგეთში „დედის დღეს“ მაისის ბოლო კვირა დღეს აღნიშნავენ. ტრადიციულად, ამ დღეს ოჯახში იმართება ოჯახური სადილი, ხოლო დედები საჩუქრად ყვავილების თაიგულის ფორმის ნამცხვარს იღებენ. 1950 წლიდან „დედის დღე“ — La Fete de Meres — ოფიციალურად დაარსდა.
ავსტრალიაში „დედის დღე“ მაისის მეორე კვირა დღეს აღინიშნება. არსებობს „დედის დღის“ მიხაკებით მილოცვის ტრადიცია. ცოცხალ დედებს დღესასწაულს ფერადი მიხაკებით ულოცავენ, თეთრი მიხაკები კი, გარდაცვლილი დედებისთვის პატივის მისაგებად გამოიყენება. გარდა საკუთარი დედებისა, ბავშვები პატივს სცემენ ბებიებსა და სხვა ქალბატონებსაც, რომლებიც მათ დედებივით უვლიან და ზრუნავენ მათზე.
კანადაშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ ნაწილში, დედის დღის მისალოცად ყველაზე ხშირად ღია ბარათებს, ყვავილებს და საჩუქრებს იყენებენ. იგი შობისა და ვალენტინობის შემდეგ სიდიდით მესამე დღესასწაულად მიიჩნევა. აღინიშნება მაისში და ატარებს ძალიან დიდ ემოციურ დატვირთვას საზოგადოებაში.
ბრაზილიაში, ყოველწლიურად, მაისში აღინიშნება „დედის დღე“ — Dia das Mães. ბრაზილიური ოჯახების დიდ ნაწილში სამზე მეტი ბავშვია, ამიტომაც მარტივი წარმოსადგენია, როგორ მასშტაბურად და ემოციურად აღინიშნება ეს დღე. ტრადიციულად, ამ დღესასწაულზე ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან, სკოლებში კი, საგანგებოდ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.