უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის ოვალურ კაბინეტში საუბრის დროს სიტყვიერი შეკამათება მოხდა.
პრეზიდენტებს შორის კამათი ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი“.
ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია 2014 წლიდან დაიწყო. ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, თუმცა, ამის მიუხედავად, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციაში არაერთი ლიდერი შეიცვალა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის მხარეს. ამასთან აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ცუდი რამ თქვას რუსეთის ლიდერზე, შემდეგ კი ტელეფონი აიღოს და ვლადიმერ პუტინს ჰკითხოს, როგორ მიდის სამშვიდობო შეთანხმება, რადგან შეთანხმების მიღწევა ასე არ ხდება. ტრამპი ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სავსეა პუტინის მიმართ ზიზღით.
ამასთან, ტრამპისა და ვენსის გაღიზიანება გამოიწვია ზელენსკის კომენტარმა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დროს პრობლემები ყველას აქვს, თუმცა ისინი ახლა ამას ვერ გრძნობენ, რადგან მათ შორის „ლამაზი ოკეანეა“, თუმცა იგრძნობენ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი ახლა არ არის იმ პოზიციაში, მათ უკარნახოს, რას იგრძნობენ.