ზახაროვას თქმით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საარჩევნო პროცესს
“მოსკოვი ყურადღებით აკვირდება აფხაზეთში სიტუაციის განვითარებას, რომელთანაც რუსეთს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა აქვს“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა და “ოპოზიციონერი” ადგურ არძინბა მონაწილეობენ, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ხვალ, 1 მარტს გაიმართება.
ზახაროვას თქმით, რუსული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთში აგზავნის დამკვირვებლებს, რომლებიც უცხოელ კოლეგებთან ერთად ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან.
„სამწუხაროდ, ნოემბრის არეულობის შემდეგ, აფხაზეთში შიდა პოლიტიკური ვითარება სრულად არ დასტაბილურდა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ 1 მარტს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა თავისუფლად მისცეს ხმა თავის კანდიდატს, ნების გამოვლენის პროცესი იქნება ორგანიზებული მკაცრად ეროვნული კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების დაცვით, კანონიერი და წესრიგის სათანადო უზრუნველყოფით და შედეგები იქნება აღიარებული ყველა პოლიტიკური ძალის მიერ.
მოსკოვი ელის, რომ საარჩევნო ციკლის დასრულება გამოიწვევს რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას და მისი კეთილდღეობის ზრდას რუსეთთან მოკავშირე ურთიერთობების საფუძველზე“, – განაცხადა ზახაროვამ.