ტრიუდო პირობას დებს, რომ კანადა ტრამპის ტარიფებს უპასუხებს
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ თქვა, რომ კანადა ემზადება საპასუხო დარტყმისთვის, თუ ტრამპი ისევ განაგრძობს „გაუმართლებელ ტარიფებს“.
ტრიუდომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადურ საქონელზე 25 პროცენტიანი ტარიფები დაიწყება 4 მარტს, როგორც დაგეგმილი იყო და გააფრთხილა, რომ ტარიფები იმოქმედებს მანამ, სანამ კანადიდან აშშ-ში ნარკოტიკების ნაკადი “არ შეჩერდება ან სერიოზულად არ შეიზღუდება”.
”ჩვენი მთავრობა და კანადის მთელი გუნდი, პრემიერები, ბიზნესლიდერები, თემის ლიდერები ერთ რამეზე ვართ ფოკუსირებული – დავრწმუნდეთ, რომ სამშაბათს და მომდევნო კვირების განმავლობაში კანადის მიმართ არანაირი ტარიფები არ დაწესდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია ამ ტარიფების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანადას ექნება დაუყოვნებელი და უკიდურესად ძლიერი პასუხი, როგორც კანადელები ელიან,” – განაცხადა ტრიუდომ.
როგორც უცხოური მედია იუწყება, მოსალოდნელია, რომ კანადა გააცოცხლებს ტრამპის შურისძიების გეგმას 150 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე გადასახადების დაწესებით, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის მუქარის ტარიფები ძალაში შევა.
”თუ ტარიფები შემოვა, ეს რთული იქნება კანადელებისა და კანადური ბიზნესებისთვის – ასევე რთული იქნება ამერიკელებისთვის და ამერიკული ბიზნესებისთვის”,- დასძინა ტრიუდომ.
მედიის ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას არ სურს სავაჭრო ომი თავის მეზობელთან.