ზვიად შალამბერიძე: ხვალიდან ამინდის გაუმჯობესებას ველოდებით – ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ თოვლს და სტიქიას

ერთი პოზიტივი ამ შემთხვევაში რაც შეიძლება ითქვას, რომ აღარ თოვს და ხვალიდან უკვე ამინდის გაუმჯობესებას ველოდებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის დელეგატმა პარლამენტში ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დაეხმარებათ იმაში, რომ კიდევ უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ თოვლს და სტიქიას.

„როგორც იცით, იმერეთში, ყველაზე კრიტიკული 12 მუნიციპალიტეტიდან ხუთ მუნიციპალიტეტში იყო სიტუაცია. ამ ხუთიდან ორი არის ჩემს სამაჟორიტარო ოლქში. ეს არის ზესტაფონი და ბაღდათი. ბოლო დღეების განმავლობაში არ გაჩერებულა არც ტექნიკა, არც შესაბამისი სამსახურები და შევძელით ის, რომ ჯამში 174 სოფლიდან 23 სოფელი დაგვრჩა, სადაც ცენტრალური გზა არ არის გაწმენდილი. ხვალ საბოლოოდ, დღის ბოლომდე ყველგან გავწმენდთ.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სპეკულაციური განცხადებები კეთდებოდა დღესაც და გუშინაც, თითქოს მთავრობა, ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლება დიდად არაფერს აკეთებს. რეალურად, თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ თოვლი ყველგან ერთნაირად მოვიდა და შევძელით ის, რომ მხოლოდ 13 პროცენტი დაგვრჩა მთელი სოფლების გასაწმენდი ამ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, ე.ი. დანარჩენ სოფლებში ძალიან აქტიურად ვმუშაობდით. ეს 13 დარჩა ის, სადაც ყველაზე რთულია მისვლა, ყველაზე რთული რელიეფია და ყველაზე დიდია ამ შემთხვევაში თოვლის მასა“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები