პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის დაუფლების და მითვისების მიზნით დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მატერიალური აქტივის დაგროვებაში დაეხმარებოდა. ბრალდებულის შეთავაზებით, იგი დაზარალებულის ფინანსური სახსრებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელ ბინებს შეიძენდა, რომელთა ნაწილი გაფორმდებოდა დაზარალებულის ოჯახის წევრების, ნაწილი კი – ფიქტიურად თავად ბრალდებულის სახელზე. ბრალდებულმა აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, თბილისში ნაყიდი ხუთი ბინა პირადად გაასხვისა მესამე პირებზე და მიღებული თანხა, ჯამში – 836 880 ლარი მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები