პაკისტანის ავიაიერიშს ავღანეთში 13 ადამიანი ემსხვერპლა – თალიბანის ხელისუფლება
ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში პაკისტანის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვი.
თალიბანის მთავრობის წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, დარტყმები ხოსტის, ქუნარისა და პაქტიკის პროვინციებში მოხდა. ავღანური მხარის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ასევე არიან ერთი ქალი და ერთი ხანდაზმული მამაკაცი, ხოლო კიდევ 14 ადამიანი დაშავდა.
პაკისტანის ხელისუფლებამ დაადასტურა სამხედრო ოპერაციის ჩატარება, თუმცა განაცხადა, რომ სამიზნეები შეიარაღებული დაჯგუფებების ობიექტები იყო. ისლამაბადის მტკიცებით, იერიშების შედეგად 26 მებრძოლი განეიტრალდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არაერთი დაპირისპირება დაფიქსირდა.