ქურთების ლიდერმა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ იარაღის დაყრისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა
ქურთების ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ იარაღის დაყრისა და თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პატიმრობაში მყოფი ოჯალანის განცხადება პროქურთული „ხალხის თანასწორობის და დემოკრატიის“ პარტიის წევრებმა წაიკითხეს.
„ისტორიულ პასუხისმგებლობას ვიღებ ამ მოწოდებაზე. გამართეთ ყრილობა და მიიღეთ გადაწყვეტილებები სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესახებ, რადგან ნებისმიერი თანამედროვე ორგანიზაცია თუ პარტია, რომელიც ძალადობრივად არ შეწყვეტს არსებობას, ამას ნებაყოფლობით გააკეთებს. ყველა ჯგუფმა უნდა დაყაროს იარაღი, ხოლო „ქურთისტანის მუშათა პარტია“ უნდა დაიშალოს“, – ნათქვამია ოჯალანის განცხადებაში.
აბდულა ოჯალანი 1999 წლის შემდეგ პატიმრობაშია და სასჯელს სტამბოლის მახლობლად, კუნძულ იმრალიზე იხდის.