ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი: გვაქვს 31 შემთხვევა, როდესაც მრავალბინიანი ან ინდივიდუალური სახლების სახურავები ან აივნები დაზიანდა – ამ წუთის მდგომარეობით 14 ოჯახია გაყვანილი, როგორც მუნიციპალურ თავშესაფარში, ასევე ქირით

ძირითადი საკვანძო საგზაო მიმართულებები, ასევე, რა თქმა უნდა შიდასაქალაქო გზების წმენდა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. 80 ერთეული სპეციალური ტექნიკა არის ჩართული გაწმენდით სამუშაოებში. ამავდროულად, მუნიციპალიტეტის 700 თანამშრომელი 24-საათიან რეჟიმში ემსახურება ქალაქს, – ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ყველა საკვანძო ლოკაციაზე სამუშაოები დასრულებულია. გრძელდება შიდასაუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ამ ეტაპზე ძირითადი და საკვანძო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულებულია. დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზების სამუშაოები ხვალიდან განხორციელდება. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც შეზღუდული გვქონდა ბოლო ორი დღის განმავლობაში, ხვალ დილიდან 50 %-ით აღდგება“,- აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ყველა შეტყობინებაზე, რომელიც მოქალაქეების მხრიდან „ცხელ ხაზზე“ შევიდა მოხდა რეაგირება.

„ჩვენ გვაქვს 31 შემთხვევა, როდესაც საცხოვრებელი მრავალბინიანი ან ინდივიდუალური სახლების სახურავები, აივნები ან საჩრდილობლები დაზიანდა. ამ წუთის მდგომარეობით 14 ოჯახია გაყვანილი როგორც მუნიციპალურ თავშესაფარში, ასევე ქირით“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერი გამოეხმაურა ოპონენტების სპეკულაციებსაც, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შეეხება. მისი თქმით, ოპოზიცია ტრაგედიებზეა ორიენტირებული და ცდილობს ასეთი მომენტები გამოიყენოს.

„ჩასაფრებული და ტრაგედიაზე ორიენტირებული ოპოზიცია და კონკრეტული ადამიანები არიან მობილიზებული იმისთვის, რომ სწორედ ასეთი მომენტები გამოიყენონ. სტიქიის პრევენცია დედამიწის ზურგზე არსად ხდება. რაც შეეხება მობილიზაციას, ყველა მუნიციპალური სამსახური, ასევე მუნიციპალური ტექნიკა, დაქირავებული ტექნიკური საშუალებები სრულად იყო ჩართული როგორც ბათუმში, ასევე აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, მაქსიმალურად ათვისებულია ის ტექნიკური და ადამიანური რესურსი, რაც გააჩნია რეგიონს“, – განაცხადა ბათუმის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები