ზელენსკი: აშშ-თან შეთანხმების საბოლოო ვერსია უკრაინას არანაირ ვალს არ აკისრებს

შეერთებულ შტატებთან შეთანხმების საბოლოო ვერსია უკრაინას არანაირ „ვალს“ არ აკისრებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმების საბოლოო ვერსიას საკმაოდ დადებითად აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ შეიძლება მან იმუშაოს. სრული საბოლოო ვერსია ჯერ არ მინახავს – მქონდა წინასწარი პროექტი. თუმცა, ჩემი წამოყენებული ძირითადი საკითხები საკმაოდ კარგად არის ასახული. უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმაც სოლიდური სამუშაო გასწიეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ არ ვიყოთ მოვალეები, მიუხედავად ზოგიერთი მედიის პრეტენზიისა. შეთანხმება არ შეიცავს 500 მილიარდი დოლარის ვალს, არც 350 მილიარდს და არც 150 მილიარდს. მიმაჩნდა, რომ ეს უსამართლო იქნებოდა ჩვენ მიმართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი, რომელიც შეთანხმებით შეიქმნა, იქნება აშშ-სა და უკრაინის პარტნიორობა.

„ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ პარტნიორობაზე და ეს ფონდი იქნება უკრაინულ-ამერიკული და არა მხოლოდ ამერიკული“, – დასძინა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები