დავით მათიკაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: ეს ყველაფერი დროებითი მოვლენაა – აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება
„ეს ყველაფერი დროებითი მოვლენაა – აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება და საღი აზრის პოლიტიკა, რომელიც აშშ-დან მოემართება ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებამდე აუცილებლად მიაღწევს,” – ასე უპასუხა დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, გერმანიის განათლების სამინისტრომ საქართველოს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარება “გაყინა”.
მათიკაშვილის თქმით, ამით კიდევ ერთხელ ცხადდება ის გარკვეული ზეწოლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე მიმდინარეობს.
“ზეწოლა იმ ქვეყნის მხრიდან მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მეგობარია. ისტორიულად ჩვენ და გერმანიას მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც განათლებისა და სამეცნიერო კუთხით არსებული პროგრამების ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის მექანიზმად გამოყენება ხდება.
ნათელია, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია, რომელიც იყო უკრაინაში ომის დაწყებასთან, საქართველოს ამ ომში არჩართვასთან და რუსეთისთვის სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებული, ასევე, ისიც, რომ სუვერენიტეტი და ოჯახური ღირებულებები ჩვენი სამშობლოსთვის არის მთავარი”, – განუცხადა ჟურნალისტებს მათიკაშვილმა.