მედია აშშ-სა და უკრაინას შორის ე.წ. მინერალების შესახებ შეთანხმების ტექსტს აქვეყნებს
უკრაინული მედია აშშ-სა და უკრაინას შორის ე.წ. მინერალების შესახებ შეთანხმების ტექსტს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია:
„ვინაიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა გაუწია უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ;
ვინაიდან ამერიკელი ხალხი სურვილს გამოთქვამს, თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში უკრაინასთან ერთად განახორციელოს ინვესტიციები;
ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა მიისწრაფვიან უკრაინაში მდგრადი მშვიდობისკენ და ორ ხალხსა და მთავრობას შორის ხანგრძლივი პარტნიორობისკენ;
ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა აღიარებენ უკრაინის წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, ნებაყოფლობით უარის თქმით მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვულ არსენალზე;
ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას სურთ, უზრუნველყონ, რომ უკრაინის წინააღმდეგ მტრულად მოქმედმა იმ სახელმწიფოებმა და სხვა პირებმა არ მიიღონ სარგებელი უკრაინის რეკონსტრუქციიდან მდგრადი მშვიდობის დადგომის შემდეგ.
შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და უკრაინის მთავრობა (თითოეული „მონაწილე“) დებენ ამ ორმხრივ შეთანხმებას რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის წესებისა და პირობების დადგენის შესახებ, რათა გააღრმაონ პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, როგორც ეს დოკუმენტშია წარმოდგენილი.
1. უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები, უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, აპირებენ, შექმნან რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი (ფონდი), რომელიც დაფუძნებული იქნება ერთობლივი საკუთრების მეშვეობით ფონდში პარტნიორობის შექმნაზე, რაც შემდგომში განისაზღვრება ფონდის შესახებ შეთანხმებით. ერთობლივი საკუთრება გაითვალისწინებს მონაწილეების ფაქტობრივ შენატანებს, როგორც ეს განსაზღვრულია მე-3 და მე-4 ნაწილებში. ფონდის მართვა განხორციელდება ერთობლივად, უკრაინის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლების მიერ. უფრო დეტალური პირობები ფონდის მართვისა და საქმიანობის შესახებ განისაზღვრება შემდგომ შეთანხმებაში (ფონდის შესახებ შეთანხმება), რომელიც ამ ორმხრივი შეთანხმების დადების შემდეგ იქნება მოლაპარაკებებით შეთანხმებული. ფონდის კაპიტალსა და ფინანსურ ინტერესებში საკუთრების მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლების გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება, იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში.
არცერთი მონაწილე არ გაყიდის, გადასცემს ან სხვაგვარად, პირდაპირ ან არაპირდაპირ გაასხვისებს ფონდში თავისი წილის რამე ნაწილს მეორე მონაწილის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
2. ფონდი შეაგროვებს და რეინვესტირებას გაუკეთებს ფონდში შეტანილ შემოსავლებს, ფონდის მიერ გაწეული ხარჯების გამოკლებით, და მიიღებს შემოსავალს უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა შესაბამისი ბუნებრივი რესურსის აქტივის მომავალი მონეტიზაციიდან (იმის მიუხედავად, პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაშია ისინი), როგორც ეს განსაზღვრულია მე-3 ნაწილში;
3. უკრაინის მთავრობა ფონდში შეიტანს უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა შესაბამისი ბუნებრივი რესურსის აქტივს (იმის მიუხედავად, უკრაინის პირდაპირ თუ არაპირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაშია ისინი) მომავალი მონეტიზაციიდან მიღებული ყველა შემოსავლის 50 პროცენტს, რომლებიც განისაზღვრება როგორც სასარგებლო წიაღისეულის საბადოები, ნახშირწყალბადები, ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვა მოპოვებითი მასალები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება ბუნებრივი რესურსების აქტივებს (როგორებიცაა გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალები და პორტის ინფრასტრუქტურა) ორივე მონაწილის თანხმობით, როგორც ეს შეიძლება დამატებით აღიწეროს ფონდის შეთანხმებაში. ეჭვის თავიდან ასაცილებლად, ასეთი შემოსავლის მომავალი წყაროები არ მოიცავს ამჟამინდელ შემოსავლის წყაროებს, რომლებიც უკვე შეტანილია უკრაინის ბიუჯეტის საერთო შემოსავლებში. შენატანების დროითი ჩარჩოები, მოცულობა და სტაბილურობა შემდგომში განისაზღვრება ფონდის შეთანხმებაში.
ფონდს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, ჩაუთვალოს ან დაუბრუნოს უკრაინის მთავრობას ფაქტობრივი ხარჯები, რომლებიც გაწეულია ახლად შექმნილი პროექტებისთვის, რომელთაგანაც ფონდი იღებს შემოსავალს.
ფონდში განხორციელებული შენატანები რეინვესტირებული იქნება წელიწადში, მინიმუმ, ერთხელ უკრაინაში, უკრაინის უსაფრთხოების, დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, რაც დამატებით განისაზღვრება ფონდის შესახებ შეთანხმებაში. ფონდის შესახებ შეთანხმება ასევე მოიცავს დებულებებს სამომავლო დივიდენდების შესახებ;
4. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს დაუჭერს გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებებს სტაბილური და ეკონომიკურად აყვავებული უკრაინის განვითარებისთვის. შემდგომი შენატანები შეიძლება შედგებოდეს ფულადი სახსრებისგან, ფინანსური ინსტრუმენტებისგან და სხვა მატერიალური და არამატერიალური აქტივებისგან, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის;
5. ფონდის საინვესტიციო პროცესი შემუშავდება ისე, რომ მოხდეს უკრაინის პროექტებში ინვესტირება და ინვესტიციების მოზიდვა ყველა სახელმწიფო და კერძო აქტივის განვითარების, დამუშავებისა და მონეტიზაციის გასაზრდელად, მათ შორის შემდეგი და არამხოლოდ: სასარგებლო წიაღისეულის საბადოები, ნახშირწყალბადები, ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვა მოპოვებადი მასალები, ინფრასტრუქტურა, პორტები და სახელმწიფო საწარმოები, როგორც ეს შეიძლება დამატებით აღიწეროს ფონდის შეთანხმებაში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და უკრაინის მთავრობას განზრახული აქვთ, რომ საინვესტიციო პროცესმა მოგვცეს დამატებითი თანხების განაწილებისა და მეტი რეინვესტირების შესაძლებლობები უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო კაპიტალის საკმარისი შემოდინების უზრუნველსაყოფად, როგორც ეს განისაზღვრება ფონდის შესახებ შეთანხმებაში. მონაწილეები იტოვებენ უფლებას, განახორციელონ აუცილებელი ქმედებები ფონდში თავიანთი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად და მათი ღირებულების მაქსიმიზაციისთვის;
6. ფონდის შეთანხმება მოიცავს სათანადო განცხადებებსა და გარანტიებს, მათ შორის იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი ვალდებულებები, რომლებიც უკრაინის მთავრობას შეიძლება ჰქონდეს მესამე მხარეების მიმართ ან ისეთი ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება მომავალში აიღოს საკუთარ თავზე, არ გამოიწვევს უკრაინის მთავრობის მიერ ფონდში შეტანილი შენატანების ან აქტივების, საიდანაც წარმოიშობა ასეთი შენატანები, გაყიდვას, გადაადგილებას, გადაცემას, დაგირავებას ან სხვა ვალდებულებებს, ან ფონდის მიერ სახსრების განკარგვას.
ფონდის შეთანხმების შემუშავებისას მონაწილეები შეეცდებიან, თავიდან აიცილონ კონფლიქტები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ფარგლებში დაკავშირებულ ვალდებულებებთან ან მის ვალდებულებებთან იმ შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც აღებული აქვს საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან და სხვა ოფიციალურ კრედიტორებთან;
7. ფონდის შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს იმის აღიარებას, რომ როგორც თავად ფონდის შეთანხმება, ასევე მასში გათვალისწინებული საქმიანობა კომერციული ხასიათისაა.
ფონდის შესახებ შეთანხმება ექვემდებარება რატიფიცირებას უკრაინის პარლამენტის მიერ „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ უკრაინის კანონის შესაბამისად;
8. ფონდის შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონტროლის მექანიზმებს, რომლებიც შეუძლებელს გახდის სანქციებისა და სხვა შემზღუდავი ზომების შესუსტებას, დარღვევას ან თავის არიდებას;
9. ფონდის შეთანხმების ტექსტი დაუყოვნებლივ შემუშავდება სამუშაო ჯგუფების მიერ უკრაინის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. საკონტაქტო პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფონდის შეთანხმების მომზადებაზე ამ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არიან: ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან: ფინანსთა სამინისტრო; უკრაინის მთავრობის მხრიდან: ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო;
10. ეს ორმხრივი შეთანხმება და ფონდის შეთანხმება წარმოადგენს ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების არქიტექტურის განუყოფელ ელემენტებს, ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად, ეკონომიკური უსაფრთხოების მდგრადობის გასაძლიერებლად და ამ ორმხრივი შეთანხმების პრეამბულაში განსაზღვრული მიზნების ასახვისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც აუცილებელია მდგრადი მშვიდობის შესაქმნელად. მონაწილეები შეეცდებიან, განსაზღვრონ ნებისმიერი აუცილებელი ნაბიჯები ურთიერთინვესტიციების დასაცავად, როგორც ეს განსაზღვრულია ფონდის შესახებ შეთანხმებაში;
11. ეს ორმხრივი შეთანხმება სავალდებულოა შესასრულებლად და განხორციელდება თითოეული მონაწილის მიერ, მათი შიდა პროცედურების შესაბამისად. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და უკრაინის მთავრობა ვალდებულებას იღებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფონდის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები“, – ნათქვამია შეთანხმებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში პარასკევს ჩავა მინერალების შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად.