ეკა ტოგონიძე – პირადი ჩანაწერები

ის ჩემთვის ქალის ფენომენია. მის მეტყველ და შთამბეჭდავ თვალებში ცხოვრების ხიბლი სრულად იხატება. მასში ერთდროულად შერწყმულა პირველყოფილი სილამაზის და ქალური ხიბლის ღვთაებრივი ხელოვნება. მისი ხმის ტემბრი მუდამ მშვიდი და ხავერდოვანია. საკუთარი თავი, ალბათ, საოცრად მალე შეიცნო და ჩვენც მალევე გაგვაცნო, უამრავი საინტერესო ჩარჩოდან. არიან ადამიანები, რომელთა შესახებ უბრალოდ შეუძლებელია სიტყვით გამოხატო დამოკიდებულება, შეაფასო და წარადგინო. მას უნდა უბრალოდ იცნობდეთ, რათა ყველაფრის დანახვა და შეფასება შეძლოთ… – ეკატერინე ტოგონიძე, საკუთარი პირადი ჩანაწერებით.
მე მიხარია, რომ მას ვიცნობ, გაიცანით თქვენც…
„შეუძლებელია ბედნიერების ფორმულებით განსაზღვრა, თუმცა ადამიანები მაინც ვცდილობთ, აბსტრაქტული ცნებები კონკრეტულ სიტყვებში მოვაქციოთ და უფრო ხელშესახები გავხადოთ. ერთ-ერთი ასეთი მარტივი და რაციონალური დ735558_656651341014596_468765853_oეფინიციის მიხედვით, ბედნიერია ის, ვისაც დილით სამსახურში წასვლა უხარია და საღამოს – შინ დაბრუნება. ჩვენი 24 საათი, ძირითადად, ხომ სწორედ ამ ორ სფეროს – პირადსა და სამსახურებრივს – შორის ნაწილდება… დილით გულწრფელად მიხარია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მისვლა, სადაც ცოტა ხნის წინ პიარის, მარკეტინგისა და დასაქმების ხელმძღვანელად დავიწყე მუშაობა, სადაც ყოველდღე მხვდებიან კეთილგანწყობილი, მოტივირებული ადამიანები და იდეების განსახორციელებელად დიდი ხელშეწყობა, უამრავი შესაძლებლობა არსებობს. საღამოს კი მიხარია შინ დაბრუნება, ბავშვთან თამაში, ოჯახთან დროის გატარება, მეგობრების ნახვა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთება – წიგნების კითხვა და წერა. მიხარია ტელეკომპანია „მაესტროში“ მისვლა, სადაც „კვირის აზრების“ ვიდეობლოგის ჩაწერა მაქვს ხოლმე.
მიხარია სცენარის კონსტრუქციული ანალიზის სემინარში მონაწილეობა, რომელიც კინორეჟისორისა და სცენარისტის არიკ კაპლუნის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. მიხარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მხარდამჭერ სოციალურ პროექტებში ჩართვა და ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც სასარგებლო მგონია სხვებისთვისაც და ჩემთვისაც… თუმცა ბედნიერების შეგრძნების რაციონალურ ჩარჩოებში მოქცევა მაინც ძალიან რთულია და ზოგჯერ მიფიქრია, რომ გიხაროდეს და აფასებდე კონკრეტულ წუთს – აი აქ და ახლა – ეს დიდი ნიჭია. იქნებ ბედნიერება მადლიერებასთანაა დაკავშირებული, რომელიც ასევე ადამიანის ფასდაუდებელ უნარად მიმაჩნია: იყო მადლიერი თითოეული ახალი დღის, რომელიც მზიანი, წვიმიანი ან თოვლიანი გათენდა; შვილის და მშობლების, რომლებიც შენ არ აგირჩევია და უნდა მიიღო ისეთები, როგორებიც არიან; მეუღლის, რომელიც თავად აირჩიე, მაგრამ მაინც სწორედ ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის; ქალაქის, რომელშიც დაიბადე, ცხოვრობ და ბევრი რამ არ მოგწონს, მაგრამ გიყვარს და ბევრიც გისწავლია აქ; მეგობრების, რომლებმაც ძალიან გაგიმართლეს – ყოველთვის ბოლომდე გიდგანან გვერდში; ადამიანების, რომლებმაც უსამართლოდ ან შენივე მიზეზით გული გატკინეს და ამ გულისტკენასთან გამკლავების გამოცდილება შეგძინეს; მოულოდნელობების, რომლებსაც უბრალოდ გულის კარი უნდა გაუღო… და მთლიანად სამყაროსი, რომელშიც არსებობ და ყოველდღე გეძლევა ახალი შანსი, ცვლილებები, პირველ რიგში, საკუთარი თავიდან დაიწყო, გახდე გუშინდელზე თუნდაც ოდნავ, სულ ოდნავ უკეთესი…“

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2M9YkVhH0bg&feature=youtu.be ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები