“ევროკავშირს თავად აქვს პრობლემები და იცლის, რომ საქართველოში მოვლენები არასწორად შეაფასოს, ვიდრე დიდი ფულია გადახდილი, მანამდე რეზოლუციებს გამოაცხობინებენ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუციებს დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციონ.
„სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციებს დიდი ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ, რადგან თავად ევროკავშირის ბიუროკრატიას აქვს პრობლემები, მათ შორის ამერიკასთან, როცა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია უსამართლოდ ექცევა ამერიკას და მას აკრიტიკებს. ამ ფონზე ჩვენ რა უნდა ვთქვათ? – ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რეცესია არის, შოლცი წამსვლელია და მას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი არ შეხვდა. ევროკავშირს თავად აქვს პრობლემები და იმისთვის იცლის, რომ საქართველოში პოლიტიკური მოვლენები არასწორად შეაფასოს. რატომღაც, პატიმარი სააკაშვილი გაახსენდათ. კი ბატონო, იყვნენ ასეთ ურთიერთსიყვარულში ევროპარლამენტი და სააკაშვილი. ასეთი ურთიერთობები წარსულს ჩაბარდა, რადგან მსოფლიოში სულ სხვა დღის წესრიგია. წარმოიდგინეთ, ევროკავშირი უკრაინის მოლაპარაკებებისგან გვერდზე არის გაწეული, ეკონომიკური კრიზისები აქვს და რატომღაც საქართველოსთვის იცლის. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე დიდი ფულია გადახდილი, მანამდე ასე რეზოლუციებს გამოაცხობინებენ და მას არაფრის ფასი არ აქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.