“მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-მა უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგი, განსაკუთრებით, სტაბილური პერსპექტივა” – ნათია თურნავა

“მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგი და, განსაკუთრებით, სტაბილური პერსპექტივა, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ისაუბრა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კვლავაც არის უსაფრთხო და მიმზიდველი ინვესტიციებისთვის, გვაქვს დაბალი ინფლაცია, გვაქვს თანმიმდევრულად მაღალი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პოლიტიკა, ეროვნული ბანკის პოლიტიკა ასეთ დროს ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული. ჩვენ, ზოგადად, ჩვენი მოწოდებით ვართ უფრო კონსერვატიული ინსტიტუცია, რომელიც ყველა რისკს უნდა ითვალისწინებდეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გლობალური რისკებია. ეს არის შესაძლო სავაჭრო ომები, ტარიფების დაწესება, დეგლობალიზაციის პროცესები, სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტის გაჭიანურება ან ახალი კონფლიქტების წარმოჩენა და ესკალაცია. ეს თავის მხრივ, მოქმედებს, რა თქმა უნდა, ჩვენს ინფლაციურ პროგნოზებზე და ეს არის ის ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ. თუმცა, ამ ორი წლის განმავლობაში დაბალმა ინფლაციამ, 2024 წელს საშუალოდ წლიური მაჩვენებელი ერთ პროცენტთან ახლოს იყო და სხვა დანარჩენმა ჯანსაღმა პარამეტრებმა, როგორიც არის, იგივე ჩვენი მზარდი ექსპორტი, კარგი შემოსავლები ტურიზმიდან, გზავნილები და ა.შ. ანუ, ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი დონე, ამან მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ თანდათან ჩვენი პროცენტი შეგვემცირებინა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც შემდგომში მოქმედებს საბანკო პროცენტებზე.

რა თქმა უნდა, სასურველი იქნება ალბათ ყველასთვის, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ რისკები და თუკი არაფერი განსაკუთრებული ჩვენს ირგვლივ არ შეიცვლება, კვლავაც გავაგრძელებთ ფრთხილ პოლიტიკას და ნელ-ნელა შევამცირებთ განაკვეთს. მივუახლოვდებით უფრო ნეიტრალურ განაკვეთს, 7 პროცენტს. დღესდღეობით 8 პროცენტზე ვართ გაჩერებულები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სიფრთხილისდა მიუხედავად, ეკონომიკა ძალიან ძლიერად ვითარდებოდა, ძლიერად იზრდებოდა და კვლავაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი, მთელს ფართო რეგიონში, ექნება საქართველოს.

იცით, რომ ჩვენი პროგნოზი არის უფრო კონსერვატიული, 5 პროცენტი, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი არის 6 პროცენტთან მიახლოებული ზრდა. ერთ-ერთი გამორჩეული ტემპია და ამიტომ, ჩვენი დაბალანსებული პოლიტიკა ამას უწყობს ხელს“, – განაცხადა  თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები