მაია ომიაძე: ზამთრის ტურისტული სეზონისთვის უკვე დაწყებული გვაქვს აქტიური კამპანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განაცხადებით, ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს ზამთო კურორტებზე ვიზიტორთა მოსაზიდად მიზნობრივ ბაზრებზე უკვე ერთი თვეა ტარდება მასშტაბური სარეკლამო კამპანია.

„ჩვენ ძალიან კარგი ზამთრის სეზონი გვექნება, წინ გვაქვს ზამთრის სეზონი და უკვე დაწყებული გვაქვს აქტიური მზადება. ჩვენი მარკეტინგული კამპანიების შინაარსი შეიცვალა და ახლა ზამთრის პროდუქტებსა და კურორტებს პოზიციონირებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთის დიდ ქალაქებში, მეტროსადგურებთან, დიდ მოედნებსა და პროსპექტებზე, ასევე გერმანიაში, პოლონეთში, სადაც მთავარი ქალაქები საქართველოს სამთო კურორტებისა და ბუნების ამსახველი ბანერებით არის სავსე“,- აღნიშნა მაია ომიაძემ.

ზამთრის სეზონისთვის მზადება მოიცავს არა მხოლოდ გარე რეკლამას, არამედ დამატებით მედია არხებს, მათ შორის, რადიო და ტელევიზია, სოციალური ქსელები. კამპანიების შინაარსი სეზონის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა, დაახლოებით ერთი თვეა აქტიურად ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის”.

მაია ომიაძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს კოორდინაცია იმ უწყებებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კურორტების მართვასა და ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე.

„ზამთრის კურორტებს ყოველთვის ახლავს გამოწვევები, გამტარუნარიანობის საკითხები, რიგები, საცობები. თუმცა, ჩვენ მზად ვართ და წელს ვფიქრობთ, რომ სეზონი ძალიან წარმატებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების სისტემაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტები სამთო კურორტებზე”.

მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მაღალმხარჯველუნარიანი მოგზაურებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნა.

„ახალი პროექტები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი კურორტები და მიზიდულობის წერტილები არის ის, რის შემუშავებაზეც კერძო სექტორთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. საქართველოს მთავარი მახასიათებელი: ოთხსეზონიანი, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტი, სადაც ტურისტები ყოველთვის კმაყოფილები მიდიან”,- აღნიშნა მაია ომიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები