შესაძლოა, სხვა პლანეტებზე სიცოცხლე არსებობს
მიუხედავად კოსმოსის მრავალმხრივი კვლევისა, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზე, თანამგზავრებზე ან კოსმოსურ სივრცეებშიც არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებობს დამაფიქრებელი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ოდესმე პლანეტარულ სისტემებზე სიცოცხლის ფორმებს აღმოვაჩენთ, შესაძლოა, მზის სისტემაშიც კი.
როგორც უკვე ვიცით, დედამიწაზე სიცოცხლე, სავარაუდოდ, იმ ქიმიური რეაქციებით გაჩნდა, რომლის საბოლოო შედეგიც იყო უჯრედული გარსი და პროტო – დნმ. ხოლო ამ თავდაპირველ ქიმიურ რეაქციებში შესაძლოა მონაწილეობდა კომპლექსური ორგანული ნაერთები, როგორიცაა: ნუკლეინის მჟავები, ცილები, ნახშირწყლები და ლიპიდები, მოქმედების ადგილი კი ატმოსფერო და ოკეანეები იყო. არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ,,სიცოცხლის წინამორბედები“ სხვაგანაც არსებობს, მაგალითად – ტიტანის ატმოსფეროსა და ორიონის ნისლეულის გარემოში. მართალია, არ აღმოგვიჩენია ცოცხალი ორგანიზმები, მაგრამ აღმოჩენილია ის ინგრედიენტები, რომლებიც მრავალი მეცნიერის აზრით, სიცოცხლის წარმოშობაში მთავარ როლს ასრულებდნენ. თუკი ეს ქიმიური ნაერთები სამყაროში ფართოდაა გავრცელებული, მაშინ დედამიწის გარდა სხვაგანაც იქნება სიცოცხლე.